"არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა" – თბილისში 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, არასრულწლოვანს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი არასრულწლოვანი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ნივთმტკიცებად ამოიღო”. - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.