სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა ანი იანუშაიტიტეს საქმის ექსპერტი
თაკო კუჭავა, დავით გრიგოლიას ადვოკატი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება „ორწლიანი ჯოჯოხეთის“ ლოგიკური დასასრულია:
„მიმაჩნია, რომ ეს არის არა მარტო დავით გრიგოლიას გამარჯვება, არამედ ამ გადაწყვეტილებას ელოდა მთელი სამედიცინო სექტორი, ყველა ის პატიოსანი ექსპერტი, რომლის კეთილსინდისიერად შესრულებული საქმეც კი შეიძლება გახდეს ორწლიანი უსამართლო ჯოჯოხეთის საფუძველი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ თავად ფაქტი ნამდვილად შემზარავია, დათოს გამართლება იყო ერთადერთი სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება“.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას მოითხოვენ დაზარალებული მხარე და მისი უფლებადამცველები.
ნატი გელოვანი, ანი იანუშაიტიტეს ოჯახის ინტერესების დამცველი, ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ იურისტი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მათ პროცესის დასრულებისთანავე მიმართეს პროკურორს და მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება:
„მოსამართლემ ადგილზე თათბირით გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, თუმცა სიღრმისეული დასაბუთება - რაზე დაყრდნობით, რატომ არ შეცვალა გადაწყვეტილება, არ გამოუცხადებია. გვითხრა, რომ როდესაც ჩაგვბარდება გადაწყვეტილება, იქ გავეცნობით დეტალებს. ჩვენ აუცილებლად წარვუდგენთ დაზარალებულის პოზიციას როგორც პროკურატურას, ისე საკასაციო სასამართლოს. ვვარაუდობთ, რომ ეს გადაწყვეტილება პროკურატურის მიერ საკასაციო წესით გასაჩივრდება.
ჩვენი პოზიციაა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევით უნდა ყოფილიყო მიღებული ის გადაწყვეტილება, რომ მინიმუმ მისი გულგრილი დამოკიდებულება შეფასებულიყო, როგორც გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული. კვალიფიკაციის განსაზღვრა მაინც უნდა მომხდარიყო ისე, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი ქცევა და მინიმუმ გულგრილობას ჰქონდა ადგილი“.
ცალკე გამოყოფილი საქმით, 45 წლის ექსპერტს გამოძიება ედავებოდა მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას, რაც ექსპერტის მიერ გაუფრთხილებლობით საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობაში გამოიხატა - საქმის მასალების მიხედვით, ანი იანუშაიტიტეს გვამიდან - სახიდან და მტევნებიდან - აღებული ანაწმენდები „დაობდა“.
საქმის მასალებზე დაყრდნობით, პროკურორი ნათია თათიაშვილი ირწმუნებოდა, რომ ექსპერტი, რომელმაც 2023 წლის 17 მარტის გამთენიისას 12 წლის ბავშვის ცხედარი შეისწავლა და ნიმუშები და ანაწმენდები აიღო, არ იყო მოტივირებული, საქმეს ზედაპირულად მიუდგა და მათ შორის, არ გააკეთა სპეციალური მინიშნება იმ პოლიეთილენის პაკეტებზე, რომლებშიც ანაწმენდები მოათავსა.
დაცვის მხარე კი ამბობდა, რომ პროკურატურამ დავით გრიგოლიას ბრალდებულად ცნობა მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ 12 წლის ბავშვის მკვლელობის საქმის გამოძიება ვერ მოახერხა.
ადვოკატის თქმით, დოლბანდები, რომელთა დაობებასაც ედავებოდა გამოძიება, ექსპერტმა სრულად გაშრობის შემდეგ მოათავსა პოლიეთილენის პაკეტებში და სამ ნიმუშზე - ანაწმენდებზე სახიდან და მტევნებიდან - არა ობი, არამედ პირნაღები მასის ანაწმენდი და მიწა იყო.
რა მოხდა 2023 წლის 17 მარტს?
2023 წლის 17 მარტის ღამეს, დიდ დიღომში 12 წლის ანი იანუშაიტიტე მეზობლებმა და ოჯახის წევრებმა სახლთან ახლოს, პეტრიწის 12 ნომერთან, ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიაზე იპოვეს. ტერიტორია, სადაც ბავშვი ნახეს, მისი სახლის უკან, დაახლოებით 200 მეტრში მდებარეობს.
ბავშვის სხეულზე სამედიცინო ექსპერტმა 39 დაზიანება აღწერა - მათ შორის, დალურჯებები ნეკნებზე, სისხლნაჟღენთი ხელის არეში, დაზიანებები ტუჩებზე, ნაკაწრები სახეზე, დაზიანება შუბლზე…
3 წელია, ანის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. 3 წელია, ანის ოჯახი ელოდება პასუხს კითხვაზე, რა მოხდა 16-17 მარტის ღამეს.
ასევე ნახეთ
“ვინ მოკლა ჩემი შვილი?” - 3 წელია, ანი იანუშაიტიტეს დედა ამ კითხვაზე ეძებს პასუხს