აშშ-ის მთავრობის დირექტივის გამო Anthropic-მა Mythos 5 და Fable 5 გათიშა
Anthropic-მა დაადასტურა, რომ აშშ-ის მთავრობის ექსპორტის კონტროლის დირექტივის შემდეგ Claude Fable 5-სა და Claude Mythos 5-ზე ყველა მომხმარებლისთვის გათიშა წვდომა. ორივე მოდელი, რომელიც Anthropic-მა გასულ კვირას ჩაუშვა, Claude Mythos Preview-ის განვითარებას წარმოადგენს. ეს უაღრესად მძლავრი მოდელია, რომელიც განკუთვნილია უსაფრთხოების კვლევებისთვის და შესწევს უნარი, უსაფრთხოების ხარვეზები და მოწყვლადობები აღმოაჩინოს. Mythos Preview-ზე წვდომა თავიდან კომპანიებისა და კვლევითი პარტნიორების მცირე ჯგუფისთვის იყო დაშვებული, პროექტ Glasswing-ის ფარგლებში. მოგვიანებით ამ პროექტის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მოდელის დახმარებით აღმოაჩინეს და გამოასწორეს უსაფრთხოების მრავალი ხარვეზი. მხოლოდ Mozilla-მ Mythos Preview-ის გამოყენების შედეგად ასობით მოწყვლადობა გამოასწორა. როდესაც Anthropic-მა Claude Mythos 5 და Claude Fable 5 წარადგინა, კომპანიამ განაცხადა, რომ Mythos-ის ხაზი კვლავ შეზღუდული დარჩებოდა და ხელმისაწვდომი იქნებოდა მხოლოდ პროექტ Glasswing-ის მონაწილეებისთვის, ხოლო Fable გახდებოდა საჯარო. Fable-ში რამდენიმე დაცვის მექანიზმი და შეზღუდვაა ჩაშენებული, რომელთა მიზანიც ბოროტად გამოყენების შემცირებაა. აქედან ზოგი მექანიზმი გასულ კვირას მკაცრი კრიტიკის საგანიც გახდა, რადგან ფარულად მუშაობდა და შეზღუდვის შესახებ მომხმარებლებს ღიად არ აფრთხილებდა. Fable-ის გამოშვების მომენტიდან, უსაფრთხოებასა და გამოყენების შესაძლებლობას შორის სათანადო ბალანსის მისაღწევად, Anthropic დაცვის მექანიზმებს მუდმივად აკორექტირებდა. ასევე ნახეთ: AI მკვლევრების მკაცრი კრიტიკის შემდეგ Anthropic უკან იხევს Anthropic-მა Fable 5 და Mythos 5 შეზღუდა 12 ივნისს, Axios-მა განაცხადა, რომ აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა, ჰოვარდ ლუტნიკმა, Anthropic-ის აღმასრულებელ დირექტორს, დარიო ამოდეის, წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ ნებისმიერ ლოკაციასა და ქვეყნის შიგნით ნებისმიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე Mythos 5-სა და Fable 5-ზე ექსპორტის კონტროლი გავრცელდებოდა. ადმინისტრაციის ერთმა წარმომადგენელმა Axios-თან ისაუბრა იმაზე, რომ ვაჭრობის დეპარტამენტმა ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც სხვა კომპანიამ თქვა, რომ მოახერხა Mythos-ის “ჯეილბრეიკი” (მოდელის დაცვის მექანიზმების გვერდის ავლა, გადალახვა), რამაც ადმინისტრაციაში ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება გამოწვია. Axios-ის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია ადრეც ცდილობდა Anthropic-ისთვის ამ მოდელის გამოშვების შეჩერებას, თუმცა წარუმატებლად. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ექსპორტის კონტროლის დირექტივის თანახმად, Anthropic-ის მოდელების ექსპორტისთვის, რეექსპორტისთვის ან ქვეყნის შიგნით გადაცემისთვის, ლიცენზია იქნებოდა საჭირო. ამის გათვალისწინებით, Anthropic-მა გამოაცხადა, რომ გადაწყვიტა Claude Mythos 5 და Claude Fable 5 ყველა მომხმარებლისთვის გამორთოს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დანარჩენ ყველა მოდელზე წვდომა უცვლელი დარჩება. Anthropic-ის განცხადებიდან: “აშშ-ის მთავრობამ, ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული უფლებამოსილებებზე დაყრდნობით, გასცა ექსპორტის კონტროლის დირექტივა, რომლის თანახმად, Fable 5-სა და Mythos 5-ზე წვდომა უნდა შეუჩერდეს უცხო ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, შეერთებულ შტატებშია ის თუ მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის, შეზღუდვა ეხება Anthropic-ის უცხო ქვეყნის მოქალაქე თანამშრომლებსაც. ამ ბრძანების შედეგად, ჩვენ ვალდებულები ვართ მყისიერად გამოვრთოთ Fable 5 და Mythos 5 ჩვენი ყველა მომხმარებლისთვის, რათა შესრულდეს მოთხოვნა. Anthropic-ის სხვა მოდელებზე წვდომა უცვლელი დარჩება. დირექტივა მთავრობისგან მივიღეთ. წერილში არ იყო მოცემული ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთების კონკრეტული დეტალები. ჩვენი გაგებით, მთავრობამ შეიტყო Fable 5-ის გვერდის ავლის, ანუ “ჯეილბრეიკის” მეთოდის შესახებ. ჩვენ გავეცანით ამ კონკრეტული ტექნიკის გამოყენების დემონსტრაციას, რომელმაც გამოავლინა მცირე რაოდენობით, წინასწარვე ცნობილი, არსებითად უმნიშვნელო მოწყვლადობები. ყველა ეს მოწყვლადობა შედარებით მარტივი ჩანს, და როგორც აღმოვაჩინეთ, სხვა საჯაროდ ხელმისაწვდომი მოდელებსაც შესწევთ მათი აღმოჩენის უნარი, ჯეილბრეიკის გარეშეც”. კომპანიამ დაცვის ის ვრცელი მექანიზმები ჩამოთვალა, რომელიც გათვალისწინებულია Fable 5-ის გამოშვებისას, და დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო 24 საათში დამატებითი ინფორმაციის გავრცელებას აპირებს, მისი ვარაუდით, მთავრობის დირექტივა ეფუძნება შეზღუდულ, არაუნივერსალურ ჯეილბრეიკს, რომელიც სხვა მოდელებშიც არის ხელმისაწვდომი, მათ შორის OpenAI-ის GPT-5.5-ში. დასასრულს, შეფერხებისთვის Anthropic-მა ბოდიში მოუხადა მომხმარებლებს და თქვა, რომ მისი რწმენით, მთავრობის ეს ნაბიჯი გაუგებრობას ეფუძნება და წვდომის სწრაფ რეჟიმში აღსადგენად, მუშაობას აგრძელებს. დირექტივის გადახედვის მოლაპარაკებისთვის Anthropic-მა ვაშინგტონში წარმომადგენლებიც გაგზავნა. ორივე მხარეს მოდელების ბაზარზე დაბრუნება სურს, თუმცა მოლაპარაკებები ჯერჯერობით უშედეგოდ მიმდინარეობს და საკითხი გადაუწყვეტელი რჩება. Anthropic-ის სრული განცხადების წაკითხვა შესაძლებელია მის ვებგვერდზე.
თუ ხელოვნური ინტელექტი და ამ სფეროში მიმდინარე სიახლეები შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჩვენს ჯგუფში — AI ყველასთვის