მეცნიერებმა ანტარქტიდის ყინულის ქვეშ გიგანტური, იდუმალი გეოლოგიური სტრუქტურა აღმოაჩინეს
აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყინულოვანი ფარის სიღრმეში მეცნიერებმა გაშლილი ხელის მტევნის მსგავსი იდუმალი გეოლოგიური სტრუქტურა აღმოაჩინეს. ეს მიგნება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გაყინული კონტინენტი კვლავ უამრავ გეოლოგიურ საიდუმლოს მალავს.
გიგანტური, მარაოსებრი სტრუქტურა რამდენიმე კარგად ცნობილ ყინულქვეშა აუზს აკავშირებს. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ის უძველესი სუპერკონტინენტის — „გონდვანას” — დაშლის დროს, 70-180 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა.
როგორ წარმოიქმნა?
ფენომენი ტექტონიკური პროცესის შედეგია, რომელსაც „დისტრებუციული როტაციული ექსტენზია” ეწოდება: დედამიწის ქერქი ფიქსირებული ცენტრალური წერტილიდან გარე მიმართულებით დეფორმირდება — ისევე, როგორც ადამიანის ხელზე თითების გაშლისას. „თითებს” შორის სამკუთხა ფორმის აუზებია.
„ამ მასშტაბის სტრუქტურის აღმოჩენა, რომელიც ანტარქტიდის ყინულოვანი ფარის ქვეშ არის დამალული, მართლაც შთამბეჭდავია,” — აცხადებს გიდიო არმადილო, იტალიის გენუის უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოფიზიკის ლაბორატორიის ასოცირებული პროფესორი.
3 ივნისს Nature Geoscience-ში გამოქვეყნებული კვლევა ადასტურებს, რომ ანტარქტიდის ყველაზე ცნობილი ობიექტები — „უილქსის” და „ავრორას” აუზები და „ვოსტოკის ტბის” აუზი (დედამიწის უდიდესი ცნობილი ყინულქვეშა ტბა) — „დისტრებუციული როტაციული ექსტენზიის” შედეგად გაჩნდა.
კავშირი „გონდვანასთან”
„სტრუქტურა, სავარაუდოდ, დაკავშირებულია იმ ხანგრძლივ ტექტონიკურ ევოლუციასთან, რომელიც „გონდვანას” დაშლას, განსაკუთრებით ანტარქტიდისა და ავსტრალიის განცალკევებას უძღოდა,” — ამბობს არმადილო.
კვლევამ ცხადყო, რომ აღმოსავლეთ ანტარქტიდა ცალკეული ყინულქვეშა აუზების ერთობლიობა კი არ არის, არამედ ერთიანი ტექტონიკური პროვინციაა. მყარი ქანების 99%-ზე მეტი ყინულის ქვეშ მდებარეობს, ამიტომ ახალი მიგნება კონტინენტის ისტორიის გაგებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა.