მეცნიერებმა ანტარქტიდის სიღრმეში ასობით მიწისძვრის კვალი აღმოაჩინეს
მეცნიერებმა დევიდის მყინვარის ქვეშ ასობით მცირე მიწისძვრა აღმოაჩინეს. დევიდის მყინვარი დაახლოებით 1126 კმ-ზე გადაჭიმული უზარმაზარი შელფია. მიწისძვრების აღმოსაჩენად მკვლევრებმა ღრმა დასწავლის ალგორითმები გამოიყენეს. გუნდმა მონაცემთა 2 ნაკრები გაანალიზა, რომლებიც 2001-2004 და 2012-2015 წლებში მოიპოვეს. თავად მიწისძვრები ძლიერი არ არის, მათი სიმძლავრე 1,6-3,5 მაგნიტუდამდე მერყეობს. მეორე მხრივ, ისინი დაახლოებით 70 კმ-ის სიღრმეზე მოხდა. ეს იმ ადგილზე ქვემოთაა, სადაც დედამიწის ქერქი მანტიად იქცევა. ამან მკვლევრები ძალიან დააბნია: ამ ტიპის მიწისძვრების (მათ IDE-ს უწოდებენ) წარმოშობა ტრადიციულ ტექტონიკურ ფილებთან შეუსაბამობაში მოდის. ეს შეიძლება იმას მოწმობდეს, რომ ანტარქტიდა იმაზე მეტადაა სეისმურად აქტიური, ვიდრე აქამდე გვეგონა. გარდა ამისა, ნაშრომმა მეცნიერებს ტექტონიკური ფილებიც განსხვავებული პერსპექტივით დაანახა: მიწისძვრები ამ ფილების ცენტრში გამოვლინდა და არა გადაკვეთის ადგილზე. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ეს უჩვეულო მიწისძვრები ორი ფაქტორის გაერთიანებით შეიძლება აიხსნას: შედარებით თბილი ლითოსფეროთი გამოწვეული ღუნვის ძაბვით, რომელიც ანტარქტიდის დასავლეთ ნაწილში გვხვდება და შედარებით ცივი და თხელი ლითოსფეროთი, რომელიც ანტარქტიდის აღმოსავლეთ ნაწილშია. სავარაუდოდ, ეს კონტრასტი ტექტონიკურ ძალას მკვეთრად ცვლის. აქამდე მოიაზრებოდა, რომ ანტარქტიდაზე მიწისძვრები ნაკლებადაა. სწორედ ამიტომ ეს მართლაც საინტერესო მიგნებაა. ამან მეცნიერები იმაზეც დააფიქრა, რომ შეიძლება მსგავსი მიწისძვრები გლობალურადაც ბევრად უფრო მეტი იყოს, ვიდრე დღეისთვისაა ცნობილი. ნაშრომი გამოცემაში Science გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.