← მთავარი
საზოგადოება

10 წლის ანკა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ჩაეცა — „ყველაზე მეტად რომ სჭირდებოდა, არავინ მიეხმარა"

12 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
10 წლის ანკა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ჩაეცა — „ყველაზე მეტად რომ სჭირდებოდა, არავინ მიეხმარა"

საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიაში „სიმღერის აკადემიის” გუნდი სიმღერას „შენთან არის ჩემი გული” ასრულებდა. სიმღერის დაწყებიდან 50-ე წამზე ანსამბლის 10 წლის წევრი ანკა ეცემა. კამერა ამას ვერ ასახავს — ჩანს მხოლოდ ახლომდგომი ბავშვების რეაქცია, ისინი ქვემოთ იხედებიან, მაგრამ სიმღერას არ წყვეტენ. ანკა დაახლოებით სამი წუთი მარტოა.

ბავშვის დედა თამარ აკობია ეთერის დროს ტელევიზიაში არ იყო. მასთან მოსული ანსამბლის ბავშვი ტიროდა: „კანკალებდა, რომ ვერ მიეხმარა მეგობარს. სიმღერა გააგრძელეს, ვერ მისცეს ნება, რომ დახმარებოდა, და ამის გამო ტიროდა.”

„მარტო დატოვეს ბავშვი თავის გასაჭირთან,” — ამბობს დედა. — „თავისით მოვიდა გონზე. გულწასული ადამიანი ვერც ხვდება, რა მოუვიდა. ვერავინ ვერ უთხრა: ანკა, ნუ გეშინია, არაფერია, ვართ გვერდით.”

„სიმღერის აკადემიის” თანადამფუძნებელი ლევან ქუთათელაძე ამბობს, რომ სიმღერის დროს ბავშვები გვერდით ედგათ და ვერ ხედავდნენ: „რაღაც ხმა გავიგონეთ. ბავშვების რეაქციით მივხვდი, რომ მოხდა რაღაც. შემდეგ ვნახეთ, რომ ბავშვი ჩამჯდარი იყო — ვიფიქრე, შეუძლოდ იგრძნო თავი. სიმღერის დასრულებისთანავე მივედით.”

ქუთათელაძე ამბობს, სიმღერის შემდეგ ჯგუფური ფოტოებიც გადაიღეს. გამოსვლის შემდეგ ერთ-ერთმა მშობელმა საკუთარი ტელეფონით გადაღებული ვიდეო გაუზიარა: „კადრი რომ ვნახე, გავგიჟდი. ეგრევე ვურჩიე, ბავშვი ექიმთან წაეყვანათ — ასეთ დაცემაზე შეიძლება თავი დაერტყა.”

ბავშვის ბებია ნინო კუხალეიშვილმა ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა: „ბავშვები ყველაზე მეტად მიყვარს. ყველაფერი შემიძლია მოვითმინო, მაგრამ ბავშვებთან მიმართებაში ჩემი თმენის ზღვარი ნულის ტოლია.” პოსტმა ფართო საზოგადოებრივი რეაქცია გამოიწვია. მოგვიანებით ბებიამ დაწერა, ანკა კარგად არის, მაგრამ მომხდარი „მძიმე გაკვეთილი” და „გულგრილობის მაგალითია”.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირველი არხი, ამბობს, რომ ბავშვის გულისწასვლა სტუდიაში მყოფ თანამშრომლებს „ვერ შეამჩნიეს”.

← მთავარი