← მთავარი
მსოფლიო

აშშ-ში, მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებული ინგლისელი ფანი 10-დღიანი ძებნის შემდეგ, ბარსელონაში იპოვეს - მამაკაცს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, მასზე საერთაშორისო ძებნა თუ იყო გამოცხადებული

3 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
აშშ-ში, მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებული ინგლისელი ფანი 10-დღიანი ძებნის შემდეგ, ბარსელონაში იპოვეს - მამაკაცს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, მასზე საერთაშორისო ძებნა თუ იყო გამოცხადებული

ფეხბურთის ინგლისელი გულშემატკივარი, რომელიც აშშ-ში, მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებისას გაუჩინარდა, ესპანეთში უვნებელი იპოვეს. როგორც გაირკვა, კაცს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ ოჯახის მას სასოწარკვეთილი ეძებდა.

65 წლის მაიკლ ჰიუიტი, რომელიც საფეხბურთო კლუბ “ლიდს იუნაიტედის“ თავგადაკლული ფანია, ოჯახს ბოლოს 21 ივნისს, ბარსელონიდან, გაერთიანებული სამეფოდან გაფრენის მომდევნო დღეს დაუკავშირდა .

ჰიუიტი ესპანეთში ხანმოკლე გაჩერებით იმყოფებოდა, საიდანაც ბოსტონში უნდა გაფრენილიყო, თუმცა, ტელეფონის დაკარგვის შემდეგ, რომელშიც სამგზავრო ბილეთები ჰქონდა შენახული, იგი ბარსელონაში “გაიჭედა“

როგორც მოგვიანებით მაიკლის ძმამ მედიას განუცხადა:

“ჰიუტმა ბარსელონაში ჩასვლიდან მალევე ტელეფონი დაკარგა. მასში ჩაწერილი ნომრებიდან ზეპირად არცერთი იცოდა. საელჩოში მისვლა აზრად არ მოსვლია, რადგან პასპორტი და ფული თან ჰქონდა და ჩათვალა, რომ იქ არავინ დაეხმარებოდა“.

ჰიუიტს, ინტერნეტით ვერ სარგებლობდა და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ოჯახი მას გამალებით ეძებდა. ამის ნაცვლად, მან უბრალოდ დროის სასიამოვნოდ გატარება გადაწყვიტა, ბარსელონით ტკბებოდა და ბარებში ინგლისის ნაკრების მატჩებს უყურებდა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ (FCDO) და ინტერპოლმა ჰიუიტის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება დაიწყეს, პარალელურად კი ახლობლები ადგილობრივებს სოციალურ ქსელში პოსტების გაზიარებას სთხოვდნენ.

10 დღის შემდეგ, ესპანეთში ბრიტანეთის საელჩომ საბანკო ბარათის გადახდების მიხედვით იმ სასტუმროს მიაგნო, სადაც ფეხბურთის ფანი იმყოფებოდა და მომდევნო დღეს ოჯახთან დააკავშირა.

“ოჯახი უზომოდ მადლიერია ამ შემაძრწუნებელი ისტორიის ბედნიერი დასასრულით”, - დაწერა გარი ჰიუტმა ფეისბუქზე.

← მთავარი