საქართველო თუ საფრანგეთი - რა გზას აირჩევს "ნიცას" ტალანტი ანდრია სვანიძე? | Lelo.Ge
“ნიცას” 19-წლამდელთა გუნდის ლიდერმა, ანდრია სვანიძემ, ვინც ამასწინათ “ნიცას” პირველი გუნდის შემადგენლობაში ითამაშა დახურულ ამხანაგურ მატჩში, ადვილი შესაძლებელია, სულ მალე ფრანგულ კლუბთან სრულფასოვანი, 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმოს.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ტანმაღალი და ძალიან შედეგიანი ფორვარდის გადაბირებისთვის ბრძოლაში უკვე ჩაებნენ “ვილიარეალი”, “ლაიპციგი”, “მილანი” და “რომა”. პლუს ამას, აქტიურობს პრემიერლიგის რამდენიმე კლუბი. ამიტომაც ჩქარობს “ნიცა” ქართველი ტალანტის 3 წლით დაბევებას.
“თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ის ნიჭით სავსე ფეხბურთელია. მას უაღრესად საინტერესო გადაადგილებები აქვს კარის წინ და საგოლე მოქმედებებისას სიზუსტით გამოირჩევა. ის ნამდვილი ბომბარდირია”, - თქვა “ნიცას” მთავარმა მწვრთნელმა ოლივიე პანტალონიმ გადაცემა Gym Tonic.
ფრანგულ მედიაში ასევე გამოთქმულია ვარაუდი, რომ ანდრიამ, შესაძლოა, საფრანგეთის ნაკრებზე გააკეთოს არჩევანი, თუმცა მას უკვე აქვს ნათამაშები საქართველოს 16 და 17-წლამდელთა ნაკრებებში.
ვნახეთ ანდრიას გოლები “ნიცას” 19-წლამდელთა გუნდში და, ვფიქრობთ, საქმე მართლაც განსაკუთრებულ ტალანტთან გვაქვს. 17 წლის ფეხბურთელი დაღვინებული, ჩამოყალიბებული ოსტატივით თამაშობს.
ანდრია “სიონის” ყოფილი კაპიტნის, დავით სვანიძის ვაჟია. სვანიძე წლების განმავლობაში კაპიტნობდა ბოლნისურ კლუბს, შესანიშნავი პიროვნება და კარგი ფეხბურთელი იყო, ჩვენი დიდი მეგობარი… იმედია, ანდრია სვანიძის საბოლოო არჩევანი საქართველოს ნაკრები იქნება - ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ფეხბურთელები, მით უმეტეს - ასეთი მაგარი ბიჭები!