ოცნების გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტის მესაკუთრედ და მმართველად სახელმწიფო დარჩება
ივანიშვილის ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი “ლენდლორდის” მოდელის მიხედვით აშენდება, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო დარჩება ნავსადგურის ძირითად მესაკუთრედ და მის მართვას “თავად უზრუნველყოფს”.
“გვინდა საზოგადოებას გავუზიაროთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ მიიღო. როგორც მოგეხსენებათ, ანაკლიის პორტის მშენებლობას ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისა და შესაბამისად, საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის. სულ უფრო მზარდია შუა დერეფნის როლი დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაკავშირებადობისთვის. […]
საქართველოს მთავრობა 2032 წლამდე აღნიშნული სექტორის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში 7 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც მოიცავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, საქართველოს რკინიგზის თვისებრივ განახლებას და ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის დასრულებას. საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ, განხორციელებულმა რეფორმებმა და პარტნიორ ქვეყნებთან კოორდინირებულმა მუშაობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმართ უპრეცედენტო საერთაშორისო ინტერესი განაპირობა როგორც მეზობელი და ცენტრალური აზიის ქვეყნების, ჩინეთისა და ყურის სახელმწიფოების, ისე დასავლური კომპანიების მხრიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ანაკლიის პროექტმა უკვე არა მხოლოდ რეგიონული, არამედ საერთაშორისო მნიშვნელობის სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტის დატვირთვა შეიძინა. პროექტის მიმართ მრავალი ქვეყნისა და საერთაშორისო კომპანიის მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ანაკლიის განვითარება დაეფუძნოს მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს წამყვან როლს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ამავდროულად, შექმნის კონკურენტულ გარემოს, სადაც არაერთი დაინტერესებული პარტნიორი ქვეყნისა და კომპანიის ინტერესების გათვალისწინება გახდება შესაძლებელი.
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. “ლენდლორდის” მოდელი სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, როგორც დღემდე იყო დაგეგმილი, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით”. - თქვა ქვრივიშვილმა.
ამასთან ერთად, ქვრივიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა არ იცვლება და ისევ 1 100 მილიარდ დოლარს შეადგენს. თუმცა, “ახალი მოდელიდან გამომდინარე”, სახელმწიფოს მოუწევს დამატებით დაახლიებით 200 მილიონი დოლარის მობილიზება, რათა “მოაწყოს ძირითადი და ფუნდამენტური საპორტო ინფრასტრუქტურა”.
“ჩვენ ძალიან აქტიურ მოლაპარაკებებში ვიმყოფებოდით ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან. იცით, რომ ჩინეთთან სტრატეგიულმა თანამშრომლობამ ხელი შეუწყო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო, ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებასა და გაღრმავებას. ამის შედეგებს ჩვენ ყოველ კვარტალში ვხედავთ. ჩვენ ვრჩებით ძალიან მეგობრულ და პარტნიორულ რეჟიმში ჩინურ მხარესთან. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვიხილავთ ჩინური მხარის ჩართულობას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განახლებულ მოდელში. ეს არის მოდელი, რომელსაც მიესალმება ყველა ჩვენი საერთაშორისო პოტენციური პარტნიორი, რამეთუ ეს არის საერთაშორისოდ აპრობირებული წარმატებული მოდელი.
განახლებულ მოდელამდე ჩვენ გვქონდა ასეთი ფორმულა შემუშავებული, რომ სახელმწიფო თანამონაწილეობას ახდენდა საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განვითარებაში. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა არ იცვლება - 1 100 მილიარდი დოლარი. იცვლება პროპორცია. სახელმწიფოს წინა პროექტისა და კონცეფციის ფარგლებში, უწევდა გაეკეთებინა მიმდინარე ინფრასტრუქტურა: ტალღმჭრელი და ფსკერის დაღრმავება, რომელიც მიმდინარე პროცესშია, როგორც სახელმწიფო ვალდებულება. ასევე, სახელმწიფოს უნდა მოეწყო რკინიგზა და დამაკავშირებელი გზა, რომელიც ახალი მოდელის ფარგლებში, კვლავ სახელმწიფოს ვალდებულებად რჩება. თუმცა ჩვენ ახალი მოდელის ფარგლებში დაგვემატა ერთი დამატებითი კომპონენტი, რაც გულისხმობს ფუნდამენტური დამატებითი ინფრასტრუქტურის, ნავმისადგომების, კომუნიკაციების და სხვა თანმდევი ინფრასტრუქტურის მოწყობას.
რაც შეეხება დამატებით ინვესტიციებს, კვლავ რჩება კომპონენტი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გასაწევი ინვესტიციებისთვის. თითოეული ჩვენი პარტნიორი, რომელიც იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ერთ-ერთი ოპერატორი, მათ მოუწევთ ინვესტიციების განხორციელება, იმისთვის, რომ სრულად აღჭურვონ ნავმისადგომები. ახალი მოდელიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მოუწევს გეგმურზე დამატებით დაახლოებით 200 მილიონი დოლარის მობილიზება”. - თქვა ქვრივიშვილმა.
ქვრივიშვილის თქმით, ის თუ ვინ იქნება ჩინური მხარის წარმომადგენელი ახალი მოდელის პირობებში სამუშაო პროცესის დროს გაირკვევა.
“რაც შეეხება ვინ იქნება ახალ მოდელში ჩინური მხარის წარმომადგენელი, ამას, ალბათ, ჩვენ მიმდინარე სამუშაო პროცესში უფრო ნათლად დავინახავთ. მინდა დავაფიქსირო ჩვენი დიდი სურვილი და მოტივაცია, რომ სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ვიხილოთ ჩინური მხარის აქტიური ჩართულობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირებასა და შემდგომ განვითარებაში.
კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ სამი მიმართულებით მოახდენს სახელმწიფო ინვესტიციას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში: მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები, რომელიც გულისხმობს დაღრმავებით და ტალღმჭრელის სამუშაოების მოწყობას; რკინიგზისა და დამაკავშირებელი გზის მოწყობა, რომელიც წინა მოდელშიც აქტუალური იყო და ახალ მოდელშიც აქტუალურად რჩება; და შემოდის ახალი კომპონენტი, რომელიც გულისხმობს ძირითადი და ფუნდამენტური საპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობას, მათ შორის ნავმისადგომებისა და სხვა მნიშვნელოვანი თანმდევი ინფრასტრუქტურის მოწყობას.
ეს არის ახალი კომპონენტი, რომლისთვისაც დამატებითი 200 მილიონი დოლარის მობილიზებას მოახდენს სახელმწიფო და ინვესტიციას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში”. - თქვა ქვრივიშვილმა.
2022 წლის 12 დეკემბერს მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით ინვესტორ კომპანიებთან ერთად აშენდება, თუმცა პორტის 51%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო იქნება. უკვე 2023 წლის ბოლოს ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის გაზაფხულზე დაიწყებოდა. მისივე თქმით, გამარჯვებული ინვესტორი მაქსიმუმ მიმდინარე წლის დეკემბერ–იანვარში გამოცხადდებოდა.
კობახიძე ანაკლიის პორტზე: ივნისიდან ვგეგმავთ ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებას
2024 წლის 29 მაისს ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის ინვესტორის გამოვლენის საერთაშოროსო კონკურსში წინადადება მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა.
2024 წლის 30 აგვისტოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ხელშეკრულება ბელგიურ კომპანია Jan De Nul-თან გაფორმდა.
ხელმოწერის ცერემონია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა. დოკუმენტს ხელი მოაწერა შპს “ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის” დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ, ხოლო კონსორციუმის მხრიდან Jan De Nul NV-ის საქართველოს ფილიალის (უცხოური საწარმოს ფილიალი) დირექტორმა ტიმ დევოლდერმა.
2019 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმე, უკანონო შემოსავლების ლეგალიზების საქმეზე. საქმე ეხებოდა 2007 წელს თიბისი ბანკში განხორციელებულ ტრანზაქციას.
2020 წლის იანვარში მთავრობამ გაწყვიტა ხელშეკრულება ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან, რომლის თავმჯდომარეც მამუკა ხაზარაძე იყო. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ხაზარაძის მიერ დაფუძნებულმა კონსორციუმმა 2017 წელს მოიგო.
3-წლიანი დავის შემდეგ, სასამართლომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო და მათ 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა, ფულის გათეთრების ბრალდება თაღლითობის მუხლით გადაკვალიფიცირდა და ბრალდებულებს ხანდაზმულობის გამო, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა მოეხსნათ.
2023 წლის 30 სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე განსახილველად არ მიიღო.