← მთავარი
საზოგადოება

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - ნავსადგური „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება

6 ივლისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - ნავსადგური „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა დღეს 6 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. ლენდლორდის მოდელით, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრე და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს.

მოდელი, ქვრივიშვილის თქმით, სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსა და კომპანიასთან პარტნიორობით.

“საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. ლენდლორდის მოდელით, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრე და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. „ლენდლორდის“ მოდელი სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით, რაც პორტში ტვირთების მოზიდვისა და შესაბამისად, მისი მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საუკეთესო პირობებს შექმნის.”

რა განახორციელებს სახელმწიფო

საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ანაკლიამდე მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობას, ხოლო საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ტერმინალების მოწყობისთვის საჭირო ინვესტიციებს საერთაშორისო ინვესტორები და კერძო ოპერატორები განახორციელებენ, - თქვა ქვრივიშვილმა.

“ემსახურება ეროვნულ ინტერესებს”

როგორც დღეს გამართული ბრიფინგზე განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა,

“საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულად მიესალმება ანაკლიის პორტში “შუა დერეფნის” მონაწილე ქვეყნებიდან: ჩინეთიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელებულ ინვესტიციებს”.

გადაწყვეტილების მიზანი

როგორც მარიმ ქვრივიშვილმა თქვა, მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მთავარ მიზანს:

“პარტნიორი ქვეყნების თანამონაწილეობითა და მათი ინტერესების გათვალისწინებით, ანაკლიის პორტი საერთაშორისო ინტერესების, კაპიტალისა და ტვირთნაკადის თავმოყრის ცენტრად ჩამოყალიბდეს”.

“საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, შექმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ჩვენს ქვეყანას “შუა დერეფნის” პროექტის საკვანძო მონაწილედ აქცევს”.

100%-იანი წლის მფლობელი იქნება საქართველო

“ეს იქნება ქართული პორტი, სახელმწიფო იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მფლობელი, სხვა არავინ არ იქნება სახელმწიფოსთვის ასეთი მნიშვნელოვანი პორტის მფლობელი”, - თქვა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი სიტყვებით, “უცხოური კომპანიები ჩაერთვებიან უშუალოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მართვაში, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს მფლობელობასთან”;

ტერმინალები პარტნიორ კომპანიას გადაეცემა იჯარით;

პორტში პირველი გემის მიღებას მოელიან 2029 წლიდან;

უახლოეს მომავალში დაასახელებენ დასავლური ქვეყნებიდან დაინტერესებულ კომპანიებს;

ასევე გადაიხედება ტვირთნაკადები. ეკონომიკის მინისტრის თქმით, “შუა დერეფანში” გაზრდილი ტვირთნაკადის გათვალისწინებით, მიაჩნიათ, რომ პორტს გაცილებით მეტი ტვირთის მიღება, გადამუშავება და გატარება შეეძლება.

რა თანხები იქნება საჭირო ბიუჯეტიდან და შეწყდა თუ არა მოლაპარაკება ჩინურ კონსორციუმთან

2024 წლის 29 მაისს საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 49%-იან წილს ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი CCCC ჩაიბარებდა - ხელშეკრულება ამ დრომდე არ იყო დადებული და მხარეთა შორის პროექტის დეტალურ საინვესტიციო შეთანხმებაზე მიმდინარეობდა მუშაობა.

მარიამ ქვრივიშვილის თანახმად, ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან “მეგობრულ და ძალიან პარტნიორულ რეჟიმში” რჩებიან და მოელიან, რომ იხილავენ “ჩინური მხარის ჩართულობას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განახლებულ მოდელში”.

დამატებით შეკითხვაზე, რატომ ვერ მოხერხდა ჩინურ-სინგაპურულ კორპორაცია CCCC-სთან შეთანხმება, ქვრივიშვილმა თქვა, რომ კონსორციუმი იყო ერთადერთი მოლაპარაკების მხარე, “რომელმაც დაინტერესება გამოთქვა წინა ტენდერის პირობებში და ამდენად, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ჰქონდა ძალიან აქტიური თანამშრომლობა”.

თუმცა გადაწყვეტილება მოდელის შეცვლის შესახებ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეს.

“მე მინდა განვმარტო, რომ ჩვენი თანამშრომლობა, პარტნიორობა და მათ შორის მოლაპარაკებები გრძელდებოდა და კვლავ გაგრძელდება ძალიან პარტნიორულ და მეგობრულ რეჟიმში. ასევე შემიძლია დღეს ღიადაც ვთქვა, რომ ის შეთანხმება, რომელიც მივაღწიეთ, ეს იყო ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილება. იცით და ჩვენ ღიადაც ვსაუბრობდით, რომ იყო რამდენიმე ღია საკითხი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ამდენად, ალბათ, ასეც შეიძლება დღეს ითქვას, რომ ერთად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის იქნებოდა უპრიანი, რომ მომხდარიყო აღნიშნული მოდელის “ლენდლორდ”-მოდელზე შეცვლა. რაც შეეხება ვინ იქნება ახალ მოდელში ჩინური მხარის წარმომადგენელი, ამას, ალბათ, ჩვენ მიმდინარე სამუშაო პროცესში უფრო ნათლად დავინახავთ, მაგრამ კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, მინდა დავაფიქსირო ჩვენი დიდი სურვილი და მოტივაცია, რომ სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ვიხილოთ ჩინური მხარის აქტიური ჩართულობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირებაში და შემდგომ განვითარებაში”, - თქვა ქვრივიშვილმა.

რაც შეეხება საინვესტიციო მოცულობას, ქვრივიშვილის თანახმად,

“პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა არ იცვლება, ეს არის დაახლოებით 1 მლრდ 100 მლნ ამერიკული დოლარი, იცვლება პროპორცია.

“სახელმწიფოს წინა კონცეფციის ფარგლებში უწევდა გაეკეთებინა მიმდინარე ინფრასტრუქტურა - ეს არის ტალღმჭრელი და ფსკერის დაღრმავება, რომელიც რჩება და უკვე მიმდინარე პროცესშია, როგორც სახელმწიფოს ვალდებულება, ასევე სახელმწიფოს უნდა მოეწყო რკინიგზა და ასევე დამაკავშირებელი გზა, რომელიც ახალი მოდელის ფარგლებშიც კვლავ სახელმწიფოს ვალდებულებად რჩება… ახალი მოდელიდან გამომდინარე, დაახლოებით მოუწევს სახელმწიფოს 200 მილიონი დოლარის დამატებითი თანხის მობილიზება. დღეს შემიძლია ასევე ვთქვა, რომ იცით, რომ ჩვენ ძალიან დიდი ეკონომია გვაქვს გაკეთებული მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, ტალღმტეხს ვგულისხმობ და ამ შემთხვევაში დაღრმავებით სამუშაოებს, 50-52 მილიონი დოლარის ოპტიმიზაცია განხორციელდა და ნაცვლად 250 მილიონი

დოლარისა, სახელმწიფო დამატებით 200 მილიონ დოლარს მოაბილიზებს იმისთვის, რომ დამატებითი ინფრასტრუქტურა შეცვლილი მოდელიდან გამომდინარე დააფინანსოს”, - თქვა ქვრივიშვილმა.

მისივე განმარტებით, დაფინანსების მოდელი ითვალისწინებს როგორც საბიუჯეტო ხარჯებს, ასევე თანამშრომლობას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. და მისი სიტყვებით, არსებობს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ჩართულობის ძალიან დიდი ინტერესი, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან, ისევე როგორც საერთაშორისო პოტენციური ოპერატორების მხრიდან.

მაისის ბოლოს “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჩინურ-სინგაპურულ კორპორაციასთან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით დაწყებული მოლაპარაკებების დასრულება 2026 წლის ბოლოს არ უნდა გადასცდეს და ამ დროისთვის უნდა დასრულდეს საქართველოს მთავრობასა და კონსორციუმს შორის საინვესტიციო შეთანხმებაზე მუშაობა.

ანაკლიის პორტი აშშ-ის ფოკუსში

მარტში ანაკლიის პორტის პროექტი გააცნეს საქართველოში მყოფ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს, პიტერ ანდრეოლის.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან შეხვედრას ესწრებოდნენ შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“, სს „საქართველოს რკინიგზისა“ და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელები. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საკვანძო პროექტია, რკინიგზა კი „შუა დერეფნის კრიტიკული რგოლი“.

ის 24-29 მაისსაც მართავდა შეხვედრებს საქართველოში.

ანაკლიის პორტის შესახებ

თავდაპირველი პროექტით, პირველი გემი ანაკლიის პორტს 2020 წელს უნდა მიეღო. სწორედ იმ წელს, როდესაც „ქართული ოცნების“ მთავრობამ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” 2016 წელს გაფორმებული შეთანხმება გაწყვიტა.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმში” [ADC], რომელმაც საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულება 2020 წელს დაკარგა, შედიოდნენ: „თიბისი ჰოლდინგ ანაკლია“ (საქართველო), Van Oord PPP International-ი (ნიდერლანდი), Wondernet Express-ი (ბრიტანეთი), შპს G-Star-ი (ბულგარეთი), Conti International-ი (აშშ) და ჰოლანდიელი ინვესტორი ბობ მეიერი.

მაშინ ოფიციალურ მიზეზად მთავრობამ ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა. თავად კონსორციუმი კი სახელმწიფოს მხრიდან ხელის შეშლაზე ლაპარაკობდა. ამ საქმეზე სახელმწიფომ ორი საარბიტრაჟო დავა მოიგო.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, სახელმწიფომ ანაკლიის პორტის მშენებლობის საკუთარი სახსრებით აშენების პირობა დადო. მთავრობის თანახმად, ინვესტორს პორტის მხოლოდ 49%-იანი წილი ექნება.

2024 წლის 29 მაისს საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 49%-იან წილს ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი ჩაიბარებდა.

2024 წლის 1 აგვისტოს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებისთვის ტენდერში ბელგიურმა Jan De Nul-მა გაიმარჯვა.

← მთავარი