← მთავარი
საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: ანაკლიის ნავსადგური ე.წ. „ლენდლორდის მოდელით“ აშენდება და მის განვითარებას სახელმწიფო უზრუნველყოფს

6 ივლისი, 2026 · წყარო: civil.ge
მარიამ ქვრივიშვილი: ანაკლიის ნავსადგური ე.წ. „ლენდლორდის მოდელით“ აშენდება და მის განვითარებას სახელმწიფო უზრუნველყოფს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს, ხოლო საერთაშორისო ქვეყნები და კომპანიები პარტნიორების სახით მიიღებენ მონაწილეობას, განაცხადა „ქართული ოცნების“ ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა 6 ივლისს.

ეს ნაბიჯი წინა გეგმების შეცვლას ცხადყოფს, რომლის მიხედვითაც ერთ მსხვილ ინვესტორს, კერძოდ კი ბოლოს შერჩეულ ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმს, სადავო მეგაპროექტის განვითარების უფლება მიენიჭა.

ქვრივიშვილის თქმით, პორტი ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება, რაც ნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფო „დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს“.

„ლენდლორდის მოდელი სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, როგორც დღემდე იყო დაგეგმილი, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით, რაც პორტში ტვირთების მოზიდვისა და შესაბამისად, მისი მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის საუკეთესო პირობებს შექმნის“,- განაცხადა მან.

„საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ანაკლიამდე მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობას, ხოლო საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ტერმინალების მოწყობისათვის საჭირო ინვესტიციებს საერთაშორისო ინვესტორები და კერძო ოპერატორები განახორციელებენ“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა „განსაკუთრებულად მიესალმება“ ანაკლიის პორტში შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებიდან – ჩინეთიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელებულ ინვესტიციებს.

ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ პროექტის მიმართ მრავალი ქვეყნისა და საერთაშორისო კომპანიის მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, „ანაკლიის განვითარება დაეფუძნოს მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს წამყვან როლს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ამავდროულად, შექმნის კონკურენტულ გარემოს, სადაც არაერთი დაინტერესებული პარტნიორი ქვეყნისა და კომპანიის ინტერესების გათვალისწინება გახდება შესაძლებელი“.

ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა 2032 წლამდე აღნიშნული სექტორის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში 7 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც მოიცავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, საქართველოს რკინიგზის თვისებრივ განახლებას და ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის დასრულებას.

„პარტნიორი ქვეყნების თანამონაწილეობითა და მათი ინტერესების გათვალისწინებით, ანაკლიის პორტი საერთაშორისო ინტერესების, კაპიტალისა და ტვირთნაკადების თავმოყრის ცენტრად უნდა ჩამოყალიბდეს. საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, შექმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის პროექტის საკვანძო მონაწილედ აქცევს“,- დასძინა ქვრივიშვილმა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ქვრივიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ახალი მოდელის მიხედვით, მთავრობას თითქმის 200 მილიონ აშშ დოლარზე მეტის მობილიზება დასჭირდება, ვიდრე ადრე იყო დაგეგმილი.

ქვრივიშვილის თქმით, პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა არ იცვლება – 1 100 მლრდ დოლარი, „იცვლება პროპორცია“. მან განმარტა, რომ წინა მოდელით, „სახელმწიფოს უწევდა გაეკეთებინა მიმდინარე ინფრასტრუქტურა: ტალღმჭრელი და ფსკერის დაღრმავება, რომელიც მიმდინარე პროცესშია, როგორც სახელმწიფო ვალდებულება. ასევე, სახელმწიფოს უნდა მოეწყო რკინიგზა და დამაკავშირებელი გზა, რომელიც ახალი მოდელის ფარგლებში, კვლავ სახელმწიფოს ვალდებულებად რჩება“. „თუმცა ჩვენ ახალი მოდელის ფარგლებში დაგვემატა ერთი დამატებითი კომპონენტი, რაც გულისხმობს ფუნდამენტური დამატებითი ინფრასტრუქტურის, ნავმისადგომების, კომუნიკაციების და სხვა თანმდევი ინფრასტრუქტურის მოწყობას“, – აღნიშნა მან.

ქვრივიშვილმა ასევე პირობა დადო, რომ წილები არ გაიყიდება და ანაკლია დარჩება „ქართულ პორტად“: „სახელმწიფო იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მფლობელი, სხვა არავინ არ იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის მფლობელი“.

„რაც შეეხება საერთაშორისო კომპანიების ჩართულობას, ისინი ჩაერთვებიან უშუალოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მართვაში, რასაც არავითარი კავშირი არ აქვს მფლობელობასთან. ტერმინალები, რომლებიც შეიქმნება პორტში, რომელიც იქნება მშრალი ტვირთისთვის, ისევე როგორც საკონტეინერო ტვირთისთვის, გადაეცემა იჯარით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. დასავლური ქვეყნებიდან არაერთი და არა მხოლოდ ერთი დაინტერესებაა, კონკრეტულად ვერ დაგიდასტურებთ, რადგან ეს არის მიმდინარე მოლაპარაკებები.“- განაცხადა ქვრივიშვილმა.

← მთავარი