ოკეანის იდუმალი „ცივი ლაქა” — კვლევა AMOC-ის შესუსტებას ადასტურებს
ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანეში, გრენლანდიისა და ისლანდიის სამხრეთით, მოვლენა ვითარდება, რომელმაც კლიმატოლოგები საგონებელში ჩააგდო: იმ დროს, როდესაც მსოფლიო ოკეანის დანარჩენი ნაწილი თბება, ეს რეგიონი სულ უფრო ცივდება. ახალი კვლევის ავტორები ამბობენ, რომ გამოცანის პასუხი ნახეს — და ის პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე საშიში კლიმატური გარდამტეხი წერტილისკენ მიგვითითებს.
ოკეანის ეს მონაკვეთი, რომელსაც მკვლევრები „ცივ ლაქად” მოიხსენიებენ, 1900 წლის შემდეგ თითქმის 1°C-ით გაცივდა. მეცნიერები დიდხანს კამათობდნენ მიზეზზე: ქარებისა და ღრუბლების ცვლილება, თუ ოკეანის დინებათა შესუსტება? ახალი კვლევა მეორე ვერსიას ადასტურებს.
AMOC — ოკეანის „გათბობის სისტემა”
„ატლანტიკის მერიდიანული ბრუნვადი დინება” (AMOC) გიგანტური ოკეანური კონვეიერის პრინციპით მუშაობს: თბილ წყალს ტროპიკებიდან ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გადააქვს, სადაც წყალი ცივდება, ფსკერისკენ ჩადის და ისევ სამხრეთისკენ მიედინება. მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ ეს სისტემა სუსტდება.
მიზეზი ადამიანის მიერ გამოწვეული გლობალური დათბობაა: ყინულების დნობა ოკეანეში მტკნარ წყალს ჩაედინება, რაც AMOC-ის სითბოსა და მარილიანობის ფაქიზ ბალანსს არღვევს.
მკვლევრებმა თანამგზავრებისა და სხვადასხვა ხელსაწყოების მეშვეობით მიღებული რეალური მონაცემები კლიმატურ მოდელებს შეურწყვეს და აღმოაჩინეს, რომ ანომალიური „ლაქა” უკვე ოკეანის სიღრმეებშიც ცივდება — იქ, სადაც ატმოსფერული პირობებს გაცილებით ნაკლები გავლენა აქვს.
„ყველა ნიშანი AMOC-ის გავლენაზე მიუთითებს. ბოლო 1 000 წლის განმავლობაში დინება ყველაზე სუსტ მდგომარეობაშია,” — აცხადებს კვლევის თანაავტორი, პროფესორი შტეფან რამსტორფი.
შედეგები კატასტროფული შეიძლება იყოს
AMOC-ის კოლაფსი, რომელსაც ზოგი მეცნიერი ამ საუკუნეში ელის, სერიოზული შედეგებს გამოიწვევს: აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე ზღვის დონე მკვეთრად აიწევს, ევროპა უკიდურესად ცივ ზამთრებში გამოაიმყვდება, ხოლო აფრიკაში მუსონების მიმართულება შეიცვლება და გვალვების საფრთხე გაიზრდება.
მიუხედავად ამისა, სხვა მეცნიერები ახალ დასკვნებს სკეპტიკურად უყურებენ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორი დევიდ თორნალი განმარტავს: „კავშირი დასუსტებულ AMOC-სა და „ცივ ლაქას” შორის ნამდვილად იკვეთება, მაგრამ რეალური მონაცემების სიმცირის გამო, ეს ნაშრომი ამ საკითხზე საბოლოო სიტყვა ვერ იქნება.”