ამერიკელების ზღაპრული ქორწილი ჭყონში და ქართული ცეკვა, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო - გაიცანით ნეფე-პატარძალი: "ყველა მოსწავლე და ქართველი მეზობელი დაპატიჟა"
სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება ემოციური და საოცარი კადრები მარტვილის რაიონის სოფელ ჭყონიდან, სადაც ამერიკელი წყვილის ულამაზესი ქორწილი შედგა. ვიდეომ, სადაც ნეფე-პატარძალი - მადელინ მაკლაინი და მისი რჩეული დიდი მონდომებით ცეკვავენ ქართულს, ინტერნეტმომხმარებლების გულები მალევე დაიპყრო.
Ambebi.ge დაუკავშირდა ქორწილის ფოტოგრაფს, ილონა განგავას, რომელმაც მამასთან - ვიდეოგრაფ დათა განგავასთან ერთად, ეს დაუვიწყარი დღე კადრებად აქცია. ილონამ ჩვენთან საუბრისას ამერიკელი წყვილისა და ჭყონში გამართული განსაკუთრებული დღესასწაულის დეტალები გაიხსენა.
5 წელი სამეგრელოში და ინგლისური ენის ცენტრი სოფლად
როგორც ირკვევა, პატარძლისთვის, მადელინ მაკლაინისთვის, სამეგრელო და სოფელი ჭყონი უცხო სულაც არ არის. ის ოჯახთან ერთად უკვე ხუთი წელია, რაც მარტვილის რაიონში ცხოვრობს.
„პატარძალი ოჯახით უკვე ხუთი წელია ჭყონში ცხოვრობს, სადაც დიდ სივრცეზე ინგლისური სასწავლო ცენტრი აქვთ მოწყობილი. იქ ამჟამად ასამდე ადგილობრივი მოსწავლე სწავლობს ინგლისურ ენას“, - გვიამბობს ილონა განგავა. სწორედ ამიტომ, ამერიკელი წყვილის ქორწილი სუფთა ქართული მასპინძლობითა და სითბოთი იყო გამორჩეული. მადელინმა ცხოვრების უმნიშვნელოვანეს დღეს გვერდით ის ადამიანები დაპატიჟა, რომლებთანაც წლებია სოფელში მეგობრობს - ქორწილში მან თავისი ყველა მოსწავლე და ქართველი მეზობელი დაპატიჟა.
ქორწილის კულმინაცია, რამაც მოგვიანებით სოციალური ქსელებიც ააფეთქა, ამერიკელი ნეფე-პატარძლის მიერ შესრულებული ქართული ცეკვა აღმოჩნდა. უცხოელების მიერ ქართული ტრადიციული ცეკვის ასეთმა პატივისცემამ და მონდომებამ სტუმრებში დიდი ემოციები გამოიწვია.
„საოცარი ქორწილი იყო, უამრავი ქართველით. ძალიან ემოციური აღმოჩნდა ქართულის ცეკვა, ყველამ არაჩვეულებრივი დრო გაატარა“, - იხსენებს ფოტოგრაფი.
ამჟამად ახლად დაქორწინებული წყვილი იტალიაში იმყოფება, სადაც ტკბილ თაფლობის თვესა და საქორწინო მოგზაურობას ატარებს. თუმცა, იტალიიდან ისინი კვლავ საქართველოში, მათთვის უკვე მშობლიურ სამეგრელოში დაბრუნდებიან.
„როგორც ვიცი, მინიმუმ ერთი წელი კიდევ აპირებენ აქ, ჭყონში ცხოვრებას ნეფე-პატარძალი, ხოლო ამის შემდეგ ჯერ არ იციან, სად აირჩევენ მუდმივ საცხოვრებელს“, - აღნიშნა ილონამ ჩვენთან საუბრისას.