რა იწვევს ძუძუში წარმონაქმნებს და როდის უნდა მივმართოთ მამოლოგს — მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გვირჩევს
ონკოლოგი, მამოლოგი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ლევან ჩოლოყაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ყოველი მე-8 ქალი ძუძუს კიბოს განვითარების რისკის ქვეშ იმყოფება, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს — ძუძუში აღმოჩენილი კვანძების 77% კეთილთვისებიანია. მთავარია, მათ დროულად მიექცეს ყურადღება და დაინიშნოს სწორი მკურნალობა.
ექიმის თქმით, სიმსივნის გავრცელება ასაკის მიხედვით ასე ნაწილდება: შემთხვევების 75% გვხვდება 50 წლის ზემოთ, 23% — 23-დან 50 წლამდე, ხოლო 2% — 30 წლამდე ასაკში.
რა სიმპტომების დროს უნდა მიმართონ მამოლოგს? ჩოლოყაშვილის თქმით, ყურადსაღებია ნებისმიერი ვიზუალური თუ ფიზიკური ცვლილება, რომელსაც ქალი სარკის წინ შენიშნავს. ექიმს უნდა მიმართოს, თუ ძუძუში ან იღლიის არეში გამაგრება ან კვანძი აღმოაჩინა; თუ შეიცვალა კანის სტრუქტურა („ლიმონის ქერქის“ ეფექტი); ან თუ კანის ჩაღრმავება, ჩაბრუნებული დვრილი, ძუძუს ფორმის დეფორმაცია, სიწითლე ან დვრილიდან გამონადენი შენიშნა.
საგანგაშოა თუ არა ტკივილი ძუძუში? ექიმის თქმით, სარძევე ჯირკვლის ტკივილი (მასტალგია) ძალიან გავრცელებული ჩივილია, განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალებში, თუმცა მხოლოდ ტკივილი იშვიათად არის სიმსივნის ნიშანი. ციკლური ტკივილი (შემთხვევების 2/3) მენსტრუალურ ციკლს უკავშირდება, ხოლო არაციკლური უფრო ხშირად 40 წლის ზემოთ გვხვდება და შესაძლოა უწყინარ კისტებს ან ფიბროადენომებს უკავშირდებოდეს.
ჩოლოყაშვილის თქმით, ტკივილს იწვევს ფიბროზულ-კისტოზური ცვლილებები (მასტოპათია), მენსტრუაციამდელი სინდრომი, ორსულობა, ძუძუთი კვება, მენოპაუზა, ტრავმა, ზოგიერთი მედიკამენტი და ინფექციები (მასტიტი, აბსცესი).
ექიმის განმარტებით, ყველა წარმონაქმნი კიბოს არ ნიშნავს. კვანძების მიზეზი შეიძლება იყოს მასტიტი, მასტოპათია, ჰემართრომა, ლიპომა, ინტრადუქტური პაპილომა, ტრავმის შედეგად დარჩენილი კვანძი ან ავთვისებიანი სიმსივნე. ძირითადი რისკ-ფაქტორებია ადრეული მენსტრუაცია ან გვიანი მენოპაუზა, პირველი მშობიარობა 35 წლის ზემოთ, ჭარბი წონა, შაქრიანი დიაბეტი და მაღალი წნევა, ქრონიკული სტრესი, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება.
დიაგნოსტიკა რამდენიმე ეტაპს მოიცავს: ანამნეზს, ხელით გასინჯვას (პალპაცია), აპარატურულ კვლევებს (ექომამოგრაფია და რენტგენომამოგრაფია) და, საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიას. მკურნალობის ტაქტიკა — ოპერაცია, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია თუ იმუნოთერაპია — მხოლოდ სრული გამოკვლევის შემდეგ იგეგმება.
ექიმის თქმით, თვითგასინჯვა უმარტივესი და უფასო მეთოდია, რომელიც სიმსივნის ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის საუკეთესო გარანტიაა. იაპონიასა და სკანდინავიის ქვეყნებში სწორედ ამ ჩვევამ მინიმუმამდე დაიყვანა ძუძუს კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა. კვლევა ყოველთვიურად, მენსტრუალური ციკლის დასრულებიდან მე-3-5 დღეს უნდა ჩატარდეს. 18 წლის ასაკიდან რეკომენდებულია ყოველწლიური პროფილაქტიკური ვიზიტი, ხოლო 40-დან 70 წლამდე ასაკში რეგულარულ მამოგრაფიულ სკრინინგს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.