← მთავარი
მსოფლიო

უცნაური საპოლიციო რეიდი ლოს-ანჯელესში — სამართალდამცველებმა მფლობელებს 72 „სუპერქარი“ ჩამოართვეს

11 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
უცნაური საპოლიციო რეიდი ლოს-ანჯელესში — სამართალდამცველებმა მფლობელებს 72 „სუპერქარი“ ჩამოართვეს

სამხრეთ კალიფორნიაში ათობით „სუპერქარის“ მფლობელი აღშფოთებას ვერ მალავს — პოლიციამ მათ ავტომობილები მას შემდეგ ჩამოართვა, რაც დაგეგმილი ფოტოსესია სამართალდამცველების მასშტაბურ რეიდად იქცა.

ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის (LAPD) ქუჩის რბოლებთან ბრძოლის სპეცრაზმის ცნობით, კვირას, „საიპრეს-პარკის“ მახლობლად, მდინარე ლოს-ანჯელესის არხში გამართული შეკრების შემდეგ, საჯარიმო ავტოსადგომზე ჯამში 72 ავტომობილი გადაიყვანეს, უამრავ მძღოლს კი კერძო ტერიტორიაზე უკანონოდ შეღწევის გამო ჯარიმა გამოეწერა.

პოლიციის ინფორმაციით, ორი პირი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დააკავეს — მათ ავტომობილში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინეს, ხოლო 83 მძღოლს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გაუფორმდა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში მდინარის კალაპოტში ჩამწკრივებული ძვირადღირებული, მოდიფიცირებული ავტომობილების მასშტაბური შეკრება ჩანს. კადრებში ჩანან ადგილზე მყოფი პოლიციელებიც, რომლებიც მძღოლებს აჯარიმებენ, ხოლო ვერტმფრენიდან გადაღებულ მასალაში ასახულია, თუ როგორ გაჰყავთ ეს მანქანები ტერიტორიიდან სპეცტექნიკით.

რეიდის მიზეზი სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფლაერი გახდა, რომელიც ავტომოყვარულებს ფოტოსესიისთვის North San Fernando Road-ის 400-ე ბლოკში ეპატიჟებოდა. ზოგიერთი მძღოლის თქმით, მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ მდინარის არხში შესვლა კანონდარღვევას წარმოადგენდა.

„ზოგიერთ მანქანას 30 დღით უყადაღებენ. მის გამოსაყვანად დაახლოებით 3000 დოლარი იქნება საჭირო. ყველას ტერიტორიაზე უკანონო შეღწევის მუხლით გვაჯარიმებენ“, — განუცხადა FOX 11-ს ალექსანდრ პიმენტამ, რომელსაც მოტოციკლი ჩამოართვეს.

ადგილზე შეკრებილმა მფლობელებმა დაადასტურეს, რომ მძღოლების ნაწილმა მართლაც „სიგიჟეების კეთება დაიწყო“, თუმცა უმეტესობა იქ მხოლოდ ფოტოების გადასაღებად მივიდა. ამ დროისთვის უცნობია, ზუსტად რამდენი ხნით დარჩება ავტომობილები ყადაღის ქვეშ.

← მთავარი