მაია დარსმელიძე: საჩივრის საფუძველზე სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო დამიკავშირდა
მომღერალ მაია დარსმელიძის განცხადებით, კონკრეტული საჩივრის საფუძველზე მას სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო დაუკავშირდა.
„ვაშაა, ლენტი გავჭერი — „სქროლვის“ დეპარტამენტი დამიკავშირდა. ჯღარკმა მიჩივლა და ორი „სქრინია“ თქვენიო. 10 ივლისს რამეს ხომ არ გეგმავთ? 14:00, საქალაქო სასამართლოს 41-ე დარბაზი“, — წერს დარსმელიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო უკვე ამოქმედდა. მას თამთა ქიმბარიშვილი ხელმძღვანელობს, რომელმაც აღნიშნა, რომ სამმართველო საქმიანობას 10 თანამშრომლით შეუდგა.
„სამმართველოს ფუნქციაა სოციალურ ქსელსა თუ მედიაში საჯაროდ გავრცელებული შეურაცხმყოფელი, ადამიანის ღირსების შემლახველი, სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, რომელიც შეიცავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ ნიშნებს. სამმართველო გამოავლენს სავარაუდო სამართალდამრღვევს, მოახდენს მის იდენტიფიცირებას, მოამზადებს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, შეადგენს ოქმს და განსჯადობის წესების დაცვით, ამ მასალებს საერთო სასამართლოებში გადააგზავნის. საწყის ეტაპზე სამმართველოს თანამშრომელთა რაოდენობა 10 საშტატო ერთეულით განისაზღვრა“, — განაცხადა ქიმბარიშვილმა.