დამწყები ალპინისტი მთაზე 450 მეტრის სიმაღლიდან გადავარდნის შემდეგ ცოცხალი გადარჩა - სასწაული გადარჩენის დეტალები
კვირას, კალიფორნიაში მდებარე მთა “შასტადან“ (Mount Shasta) დამწყები ალპინისტი ქალი გადავარდა. ის 450 მეტრის სიმაღლიდან დაგორდა თუმცა სასწაულებრივად, ცოცხალი გადარჩა და შემთხვევის ადგილზე მისულ განცვიფრებულ მაშველებს უკვე გონზე მოსული დახვდა.
აშშ-ის სატყეო სამსახურის (US Forest Service) ინფორმაციით, 31 წლის ქალი ორ სხვა დამწყებ ალპინისტთან ერთად პოპულარულ მარშრუტზე იმყოფებოდა. ის დაახლოებით 3 960 მეტრის სიმაღლიდან მოწყდა და 3 500 მეტრის ნიშნულამდე დაგორდა.
შემთხვევის შესახებ მაშველთა ჯგუფის ხელმძღვანელს, ნიკ მეიერსს, შუადღისას სისკიუს ოლქის შერიფის ოფისის სამძებრო - სამაშველო კოორდინატორმა შეატყობინა. ოპერაციაში სატყეო სამსახურის სამი რეინჯერი და კალიფორნიის გზატკეცილების პატრული (CHP) ჩაერთო.
სამაშველო ოპერაციის დროის ამინდი მკვეთრად გაუარესდა. მოღრუბლულობის გამო პატრულის ვერტმფრენმა დაზარალებულთან პირდაპირ მიფრენა ვერ შეძლო და პილოტებს იქვე ახლოს მოუწიათ დაშვება, რის შემდეგაც მაშველებმა გზა ფეხით განაგრძეს. რეინჯერები დაშავებულთან იმ ალპინისტის დახმარებით მივიდნენ, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა, მან მთიდან მაშველების აღჭურვილობა ჩამოიტანა. მძიმე ვარდნის მიუხედავად, ქალი უკვე გონზე იყო მოსული. მას მარჯვენა კოჭის სავარაუდო მოტეხილობა და სხვა დაზიანებები აღენიშნებოდა, თუმცა საზარელ ინციდენტს ცოცხალი გადაურჩა. მთის ფერდობზე პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, რეინჯერებმა და თანმხლებმა პირებმა დაზარალებული სპეციალური საკაცით ჰელენის ტბამდე (Lake Helen) ფრთხილად ჩაიყვანეს, რის შემდეგაც ვერტმფრენმა ის შემდგომი მკურნალობისთვის “მთა შასტას მერსის“ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა.
წყარო