ალექსანდრე დარახველიძე: სსკ-ს ახალი მუხლი დაემატა, რომელიც გულისხმობს ფიქციური ქორწინების დასჯადობას
“მექანიზმი მაქსიმალურად იქნება გადაზღვეული და ვისაც ეს დოკუმენტი ნამდვილად ესაჭიროება, მხოლოდ ისინი მიიღებენ ქვეყანაში ცხოვრების უფლებას და საშუალება არ იქნება იმის, რომ ქვეყანაში ის უცხოელები დარჩნენ ხანგრძლივად, რომელთათვის მსგავსი უფლების მიცემას კანონი არ ითვალისწინებს” — საქართველოს პარლამენტში წარდგენილ უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე გამოეხმაურა. კომენტარს IPN ავრცელებს. დარახველიძის განმარტებით, სისხლის სამართლის კოდექსს ახალი მუხლი დაემატა, რომელიც ფიქციური ქორწინების გზით საქართველოში ლეგალურად ცხოვრების უფლების ან ბინადრობის მოპოვების მცდელობას სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს. “პარლამენტს უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებები წარვუდგინეთ. ეს უკვე მეორე ეტაპია. გახსოვთ, რომ გასულ წელს, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. ამ ცვლილებებმა თავისი დადებითი ეფექტი უკვე გამოავლინა და საზოგადოება ყოველ დღე საქართველოდან გაძევებულ არალეგალ უცხოელს ხედავს, რომელიც ქვეყანაში ხანგრძლივად დარჩენისთვის სხვადასხვა მექანიზმს იყენებდა.მეორე პაკეტი გაგრძელებაა იმ ცვლილებების, რომელიც შარშან დავიწყეთ. ამ შემთხვევაში, კანონმდებლობა იმ ნაწილში გადაიხედა, რომელიც ბინადრობების გაცემის ნებართვას ეხება. დღეისათვის, უცხოელ მოქალაქეებზე 35 ათასამდე სასწავლო ბინადრობაა გაცემული. პრაქტიკაში შემთხვევები გამოვლინდა, როცა ბინადრობის გამოყენება ხდებოდა არა სწავლისთვის, არამედ ქვეყანაში ხანგრძლივი ვადით დასარჩენად. ცვლილებები სწორედ იმას ემსახურება, რომ სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ და ნამდვილად იყენებენ იმ მიზნებით, რა მიზნითაც იყო გაცემული, მათ არანაირი შეფერხება არ ექნებათ, მაგრამ ადამიანები, რომლებიც სასწავლო ბინადრობას იყენებდნენ ქვეყანაში ხანგრძლივად დასარჩენად, მკაცრი რეგულაცია იქნება და ქვეყანას ცალსახა და სწორი მიდგომა ექნება.მეორე საკითხია ფიქციური ქორწინება. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქესთან ქორწინება საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანმა ბინადრობა უვადოდ მიიღოს. დღეს, ქვეყანაში, 30 ათასამდე უცხოელია, ვისაც მუდმივი ბინადრობა აქვს მიღებული. ამ მიმართულებით კონტროლის მექანიზმები ძალიან სუსტი იყო. არაერთ ქვეყანაშია თაღლითური სქემები, რომელიც ფიქციურ ქორწინებას და ამ გზით ბინადრობის მოპოვებას ითვალისწინებს.კონკრეტული მექანიზმი შემოდის, რაც იმას გულისხმობს, რომ თუ უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, მას კომისიასთან გასაუბრება მოუწევს. თუ კომისია ჩათვლის, რომ სახეზეა ეჭვები ქორწინების ნამდვილობაზე, დოკუმენტაცია საგამოძიებო უწყებაში გადაიგზავნება. როგორც იცით, სისხლის სამართლის კოდექსს ახალი მუხლი დაემატა, რომელიც გულისხმობს ფიქციური ქორწინების დასჯადობას, თუ ეს მიზნად ისახავდა ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას. ეს მექანიზმი მაქსიმალურად იქნება გადაზღვეული და ვისაც ეს დოკუმენტი ნამდვილად ესაჭიროება, მხოლოდ ისინი მიიღებენ ქვეყანაში ცხოვრების უფლებას და საშუალება არ იქნება იმის, რომ ქვეყანაში ის უცხოელები დარჩნენ ხანგრძლივად, რომელთათვის მსგავსი უფლების მიცემას კანონი არ ითვალისწინებს,” — განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონში ცვლილები შევიდა.უწყების ინფორმაციით, ცვლილებებით განისაზღვრება უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში უცხოელი სტუდენტების მიღების ისეთი დამატებითი წინაპირობები, როგორიცაა, ენის საერთაშორისო სერტიფიკატის წარდგენა ან/და NAEC-ის მიერ ორგანიზებული უცხო ენის/სახელმწიფო ენის გამოცდის ჩაბარება.ამასთან, ცვლილებები შეეხება საქართველოს მოქალაქესა და უცხოელს შორის ქორწინების საფუძველზე ბინადრობის ნებართვის გაცემას. ცვლილების თანახმად, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ფიქციური ქორწინება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან/და საქართველოში კანონიერად ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძვლის მოპოვების მიზნით. საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ფიქციური ქორწინება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება — შსს ცვლილებებს აანონსებს