← მთავარი
სამართალი

ელისაშვილი არის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი - ლელო

10 ივლისი, 2026 · წყარო: tabula.ge
ელისაშვილი არის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი - ლელო

კოალიცია პარტია ლელო ძლიერი საქართველო ალეკო ელისაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება.

სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობის საქმეზე ელისაშვილის 13 წლით პატიმრობა მიესაჯა.

დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას და ის პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად არის ქცეული.

ჩვენი კოალიციის ლიდერისთვის, 13-წლიანი პატიმრობის შეფარდება არის უსამართლო, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან. განსაკუთრებით საგანგაშოა მცდელობა, იგი ტერორისტად წარმოჩინდეს მაშინ, როდესაც ტერორიზმის ბრალდება არ არის დამყარებული სარწმუნო და დამაჯერებელ მტკიცებულებებზე.

ალეკო ელისაშვილი, ჯერ კიდევ სასამართლო პროცესამდე, შალვა პაპუაშვილის პირით შერაცხეს ტერორისტად და ამით პირდაპირი დავალება მისცეს სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების მისაღებად.

ალეკო ელისაშვილი არის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება სასამართლოს პოლიტიკური ოპონენტების დევნისა და დაშინებისთვის.

ვერც რეპრესიები, ვერც პოლიტიკური დევნა და ვერც უსამართლო განაჩენები ვერ შეაჩერებს თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეას ამ ქვეყანაში. ისტორია აუცილებლად შეაფასებს ამ რეჟიმის ქმედებებს და თითოეულ პასუხისმგებელ პირს საკუთარ ადგილს მიუჩენს.

ძლიერი საქართველო-ლელო სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს ალეკო ელისაშვილს, მის ოჯახსა და მეგობრებს.

გვჯერა, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება დროებითია, ხოლო თავისუფლება - გარდაუვალი!

რეჟიმებს, რომლებიც ძალაუფლებას რეპრესიებით ინარჩუნებენ, ისტორიულად არსებობის შეზღუდული ვადა აქვთ.

მალე დადგება დღე, როდესაც ალეკო ელისაშვილი თავისუფალი იქნება, ხოლო საქართველოში აღდგება დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, კანონის უზენაესობა და დემოკრატია.

დღეს, პარტია მოქალაქეების ლიდერს, ალეკო ელისშვილს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობის საქმეზე.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი ელისაშვილის ადვოკატმა, გიორგი რეხვიაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ბრალს გაასაჩივრებენ სააპელაციო წესით და მას შემდეგ რაც ეროვნულ დონეზე ყველა ინსტანციას ამოწურავენ, ევროპის სასამართლოს მიმართავენ.

“როგორც მოსალოდნელი იყო, ალეკო ელისაშვილი დამნაშავედ ცნეს და მიუსაჯეს 13 წელი, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში არის დაუსაბუთებელი.

მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მტკიცებულებები, მტკიცებულებები, რომელიც მიუთუთებდა რომ აღნიშნული ხანძრის გაჩენა ვერ გამოიწვევდა 25 მილიონის ზიანს, ეს არის უშუალოდ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც თავი აარიდა პროკურატურამ, რადგან აღნიშნული წარმოადგენდა ჰიპოთეტურ საკითხს, ვარაუდს, ეჭვს.

კანონმდებლობით ვიცით, რომ ყველა ეჭვი თუ არსებობს საქმეში, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, სამწუხაროდ, სასამართლომ გამოიყენა ყველაზე მძიმე კვალიფიკაცია და 10-15 წელს ითვალისწინებდა აღნიშნული და მიუსაჯა 13 წელი.

13 წელი არის იგივე ოდენობის, რაც შეიძლება ყოფილიყო დასრულებული ტერაქტის შემთხვევაში, ეს არის გამორიცხული, მცდელობაც კი უბრალოდ რომ დადასტურებულიყო, ამ შემთხვევაში 13 წელი ძალიან ბევრია.” - თქვა რეხვიაშვილმა.

“მონანიების არქონით, ელისაშვილმა ვერ დაიმსახურა მინიმუმი სასჯელი” - პროკურორი.

კომენტარი საქმის პროკურორმა, ანა ხუბეჯიშვილმაც გააკეთა. მისი განცხადებით, ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა მტკიცებულებები, “რომელთა გამოკვლევით დავადასტურეთ რომ ალექსანდრე ელისაშვილმა ჩაიდინა ტერორისტული აქტის მცდელობა.”

ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს.

მას პროკურატურამ ბრალდება ტერორიზმის მუხლით წარუდგინა, კერძოდ უწყება პოლიტიკოსს ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავებოდა. გამოძიების თანახმად, 2025 წლის 29 ნოემბრის გამთენიისას, ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა და დაზიანებები მიაყენა მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს.

← მთავარი