← მთავარი
სამართალი

"მონანიების არქონით, ელისაშვილმა ვერ დაიმსახურა მინიმუმი სასჯელი" - პროკურორი

10 ივლისი, 2026 · წყარო: tabula.ge

ალეკო ელისაშვილის საქმის პროკურორმა, ანა ხუბეჯიშვილმა, სასამართლო სხდომის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა მტკიცებულებები, “ რომელთა გამოკვლევით დავადასტურეთ რომ ალექსანდრე ელისაშვილმა ჩაიდინა ტერორისტული აქტის მცდელობა.”

“სასამართლომ განმარტა ის, რომ გაიზიარა სწორედ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც იყო უტყუარი, თანმიმდევრული.

ისაუბრა უშუალოდ საქმეში არსებულ ვიდეოჩანაწერზე, რომელშიც ნათლად იყო აღწერილი ბრალდებულის ყველა მოქმედება. ასევე ისაუბრა, რა თქმა უნდა, ფაქტის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებზე, რომლებიც იყო ასევე თანმიმდევრული და სრულად აღადგენდა ალექსანდრე ელისაშვილის ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენის თითოეულ სურათს.

ასევე, სასამართლომ შეაფასა ის, რომ ბრალდებულის ქმედება ცალსახად იყო ტერორისტული აქტის მცდელობა და მას გააჩნდა ტერორისტული მიზანი, ამ შემთხვევაში ეს იყო სწორედ სასამართლოს ხელისუფლების დესტაბილიზაცია, რაც მკაფიოდ იყო გამოკვეთილი.

ასევე, მოსამართლემ ისაუბრა სასჯელთან დაკავშირებით და განმარტა, რომ სასჯელი რომელიც მას განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა იყო რელევანტური მის ქმედებასთან. ასევე, მინიმუმთან დაკავშირებით ისაუბრა იმ კონტექსტში, რომ ბრალდებულმა, ვინაიდან აღნიშნულ სხდომაზე მისი განმარტებებით, ასევე ქცევით, ასევე არცერთ ეტაპზე ქმედების არ აღიარებით და მონანიების არქონით, ვერ დაიმსახურა ის, რომ მინიმუმი ყოფილიყო მის მიმართ განსაზღვრული სასჯელი.” - თქვა პროკურორმა.

სხდომის შემდეგ მედიასთან კომენტარი ელისაშვილის ადვოკატმა, გიორგი რეხვიაშვილმაც გააკეთა. მისი თქმით, ბრალს გაასაჩივრებენ სააპელაციო წესით და მას შემდეგ რაც ეროვნულ დონეზე ყველა ინსტანციას ამოწურავენ, ევროპის სასამართლოს მიმართავენ.

“როგორც მოსალოდნელი იყო, ალეკო ელისაშვილი დამნაშავედ ცნეს და მიუსაჯეს 13 წელი, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში არის დაუსაბუთებელი.

მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მტკიცებულებები, მტკიცებულებები, რომელიც მიუთუთებდა რომ აღნიშნული ხანძრის გაჩენა ვერ გამოიწვევდა 25 მილიონის ზიანს, ეს არის უშუალოდ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც თავი აარიდა პროკურატურამ, რადგან აღნიშნული წარმოადგენდა ჰიპოთეტურ საკითხს, ვარაუდს, ეჭვს.

კანონმდებლობით ვიცით, რომ ყველა ეჭვი თუ არსებობს საქმეში, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, სამწუხაროდ, სასამართლომ გამოიყენა ყველაზე მძიმე კვალიფიკაცია და 10-15 წელს ითვალისწინებდა აღნიშნული და მიუსაჯა 13 წელი.

13 წელი არის იგივე ოდენობის, რაც შეიძლება ყოფილიყო დასრულებული ტერაქტის შემთხვევაში, ეს არის გამორიცხული, მცდელობაც კი უბრალოდ რომ დადასტურებულიყო, ამ შემთხვევაში 13 წელი ძალიან ბევრია.” - აცხადებს რეხვიაშვილი.

ცნობისთვის, პარტია მოქალაქეების ლიდერს, ალეკო ელისშვილს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობის საქმეზე.

← მთავარი