← მთავარი
სამართალი

ალეკო ელისაშვილი განაჩენის მოლოდინში - საკვანძო მომენტები ტერორიზმის საქმიდან

9 ივლისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
ალეკო ელისაშვილი განაჩენის მოლოდინში - საკვანძო მომენტები ტერორიზმის საქმიდან

პროკურატურა ამტკიცებს, რომ ალეკო ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწვით ტერორისტული აქტის ჩადენა სცადა. დაცვის მხარე კი ამბობს, რომ ბრალდებამ ვერ დაამტკიცა მთავარი - ტერორისტული მიზანი, რომლის გარეშეც ეს მუხლი ვერ იარსებებს.

სასამართლომ მოუსმინა მანდატურებს, სასამართლოს წარმომადგენლებს, გამომძიებლებს და ექსპერტებს, გამოიკვლია ვიდეოჩანაწერები, ნივთმტკიცებულებები და ექსპერტიზის დასკვნები.

მხარეები თითქმის ყველა მნიშვნელოვან მტკიცებულებაზე დავობდნენ - დაწყებული ვიდეოკამერების ჩანაწერებით, დასრულებული იმ კითხვით, შეეძლო თუ არა სასამართლოს კანცელარიაში გაჩენილ ხანძარს მთელი შენობის გადაწვა.

ალეკო ელისაშვილის შესახებ

ალეკო ელისაშვილი - ქართველი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქრის“ დამფუძნებელი, საბურთალოს დამოუკიდებელი დეპუტატი თბილისის საკრებულოში (2014-2017 წლები). პოლიტიკური პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი.

მონაწილეობდა თბილისის მერის 2017 წლის არჩევნებში, რომელშიც ხმათა 17,49% მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა. 2020 წლის 4 აგვისტოს წარადგინა ახალი პარტია — „მოქალაქეები”.

2020 წლიდან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია.

2024 წელს, სამ პარტიასთან - “ლელო”, “ხალხისთვის” და “თავისუფლების მოედანი” - ერთად მონაწილეობდა არჩევნებში კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ სახელით.

ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უკვე იყო აღძრული. მას პროკურატურა ძალადობით ან ძალადობის მუქარით, პირის პოლიტიკური ნიშნით დევნას ედავება. ის 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. გამოძიების ვერსიით, 2 დეკემბერს კოსტავას ქუჩაზე, ერთ-ერთ აფთიაქთან, ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების“ წევრს, ალი ბაბაევს, თავს დაესხა და პარტიული შეხედულების გამო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. წარდგენილი ბრალი ჯარიმას ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა ისევ გრძელდება.

2024 წლის 15 აპრილს ელისაშვილმა - მაშინ პარლამენტის დეპუტატმა - საპარლამენტო უმრავლესობის მაშინდელ ლიდერს, მამუკა მდინარაძეს (ამჟამად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს), რომელიც „აგენტების კანონს“ წარადგენდა, შეაგინა და სახეში მუშტი ჩაარტყა. მდინარაძემ რამდენიმე წუთში სხდომის წაყვანა განაგრძო. ელისაშვილი იმ დროისთვის სადეპუტატო იმუნიტეტით სარგებლობდა და მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ.

ალეკო ელისაშვილი მოხალისედ იბრძოდა უკრაინაში. 2025 წლის აგვისტოში რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა ალეკო ელისაშვილზე - 2022 წლის გაზაფხულზე, ომის დაწყების შემდეგ უკრაინის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისათვის.

2025 წლის 30 ნოემბერს ელისაშვილი ტერორიზმის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. 2026 წლის მარტში კი მეორე საქმე წამოიწყეს მის წინააღმდეგ იდენტური მუხლით.

როგორ დაიწყო ტერორიზმის საქმე

2025 წლის 29 ნოემბრის ღამით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში ნიღბიანი ადამიანი შეიჭრა.

პროკურატურის თანახმად, მან ჩაქუჩით ჩაამტვრია შენობის მინა, შევიდა შიგნით და სხვადასხვა ადგილზე აალებადი სითხე დაასხა. გამოძიება ამტკიცებს, რომ ხანძრის გაჩენა უნდოდა, თუმცა ჩანაფიქრი ვერ განახორციელა - ხელი სასამართლოს მანდატურებმა შეუშალეს.

მოქმედება ვითარდება კანცელარიის შენობაში, რომელიც სასამართლოს მთავარ შენობას დერეფნით უკავშირდება. კანცელარია სასამართლოს ე.წ. ადმინისტრაციული სტრუქტურაა, იქ იწერება განცხადებები, საჩივრები, მოთხოვნები, იქ შეაქვს საქმეები განსახილველად პროკურატურას, იქ იღებენ ადვოკატები საქმის მასალებსა და მტკიცებულებებს. მთავარ შენობაში სხდომათა დარბაზები და მოსამართლეების კაბინეტებია განთავსებული.

ეს ნიღბიანი კაცი რომ ალეკო ელისაშვილი იყო, 30 ნოემბერს გაირკვა, როცა ის სასამართლოს კანცელარიაში დააკავეს და ამის ამსახველი კადრები გაასაჯაროვეს. ვიდეოში ჩანს, რომ ალეკო ელისაშვილს თვალები ჩალურჯებული აქვს და სახეზე სისხლნაჟღენთებიც ეტყობა.

საქმის ერთ-ერთი ყველაზე სადავო ნაწილი თავად გამოძიების დაწყებას უკავშირდება.

თავდაპირველად, საქმე სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით აღიძრა. ორი დღის შემდეგ კი პროკურატურამ კვალიფიკაცია შეცვალა და პოლიტიკოსს უკვე ტერორისტული აქტის მცდელობაში დასდო ბრალი.

სწორედ აქ ხედავენ ალეკო ელისაშვილის ადვოკატები საქმის პოლიტიკურ კონტექსტს.

კვალიფიკაციის შეცვლას წინ უსწრებდა პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის საჯარო განცხადება, რომ ალეკო ელისაშვილმა „ტერორისტული აქტის განხორციელება სცადა“.

„სამართლებრივი კვალიფიკაცია პოლიტიკურ განცხადებებს დაემორჩილა“, - ამბობს გიორგი რეხვიაშვილი, ელისაშვილის ადვოკატი.

პროკურატურა ამ არგუმენტს ყურადღებას არ აქცევს, ამტკიცებს მუხლი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე შეიცვალაო.

რას ამტკიცებს პროკურატურა

ბრალდების მიხედვით, სასამართლოში მომხდარი სპონტანური გადაწყვეტილების შედეგი არ ყოფილა.

პროკურატურის ვერსიით, კანცელარიაში შეჭრილ ალეკო ელისაშვილს თან ჰქონდა - ჩაქუჩი, ბენზინი, სანთებელა, ცეცხლსასროლი იარაღი ვაზნებით და სხვა ნივთებით, რომლებიც, ბრალდების შეფასებით, ტერორისტული აქტის ჩასადენად სჭირდებოდა.

სასამართლოში შეღწევის შემდეგ კი მან ბენზინი დაასხა არამარტო იატაკზე, არამედ მაგიდებზე, მათ შორის დოკუმენტებზეც.

ბრალდების ვერსიით, ელისაშვილი მანდატურებს ფიზიკურად დაუპირისპირდა, ცდილობდა იარაღის გამოყენებას და მოკვლითაც ემუქრებოდა.

„სასამართლოსთვის ცეცხლის წაკიდება მხოლოდ შენობის დაზიანებას არ ისახავდა მიზნად. ამ ქმედებით ბრალდებული ცდილობდა მართლმსაჯულების განხორციელებაში ჩარევას, სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაციას და იქ მყოფი ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდებას“ , - განაცხადა პროკურორმა, ანი ხუბეჯაშვილმა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მტკიცებულებები ცალსახად ადასტურებს როგორც ქმედებას, ისე მის მიზანს.

ბრალდების შეფასებით, მანდატურების ჩარევის გარეშე შედეგი ბევრად მძიმე იქნებოდა.

რას (არ)უარყოფს თავად ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილს სასამართლოში არასოდეს უთქვამს, რომ სათვალთვალო კამერებში მოხვედრილი ნიღბიანი თავად არ იყო.

პირველივე სხდომაზე მან თქვა:

„რაც გავაკეთე, იმაზე მე ვარ პასუხისმგებელი. გინდ ტერორისტი მეძახეთ და რაც გინდა ის მეძახეთ.“

სასამართლოში ელისაშვილმა ვრცლად ისაუბრა, თუ რა მიიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე.

ის იხსენებდა 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს პოლიციის ძალადობას, სამართალდამცავების დაუსჯელობას და მოსამართლეს უხსნიდა, რომ უსამართლობამ უბიძგა უკიდურესი პროტესტისკენ.

„გოგოები ამბობდნენ, პირში ჩამაფურთხა პოლიციელმა და ისე შემეშინდა ჩავიფსიო, რა ნამუსით უნდა მეცხოვრა? რა ნამუსით უნდა გამეღვიძა ამ ქვეყანაში? ან უნდა დამეხოცეთ სათითაოდ ყველა, ტყვიამფრქვევი უნდა ამეღო და გადამეტარებინა თქვენზე, აი მაგას ვფიქრობდი ერთ-ერთს რაც უნდა გამეკეთებინა, დაგხვედროდით სახლთან და დამეხოცეთ სათითაოდ, ვინც მაგას აკეთებდით ყველანი ან ეს უნდა გამეკეთებინა, რაც ვერ გავაკეთე, არ მეშინია, გინდ ტერორისტი მეძახეთ და რაც გინდა ის მეძახეთ, ჩემს საქციელზე მე ვარ პასუხისმგებელი“ , - თქვა ალეკო ელისაშვილმა არსებითი განხილვის პირველ სხდომაზე.

პოლიტიკოსის ადვოკატები ამბობენ, რომ პასუხისმგებლობის აღება ტერორისტული მიზნის აღიარებას არ ნიშნავს.

„სასამართლოს გადასაწყვეტია არა ის, როგორ აფასებს საკუთარ საქციელს ბრალდებული, არამედ ის, დაამტკიცა თუ არა პროკურატურამ, რომ ამ ქმედებას სწორედ ის მიზანი ჰქონდა, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსი ტერორიზმისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნევს“, - ამბობს რეხვიაშვილი. მას მიაჩნია, რომ ამ საქმეზე კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს.

მტკიცებულებები, რომელზეც პროკურატურა ბრალდებას ამყარებს

საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდების მხარემ სასამართლოს რამდენიმე ტიპის მტკიცებულება წარუდგინა. მათ შორის იყო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთები, მანდატურებისა და გამომძიებლების ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და დაზარალებულად ცნობილი სასამართლოს წარმომადგენლის პოზიცია.

პროკურატურის შეფასებით, ამ მტკიცებულებების ერთობლიობა აჩვენებს, რომ ალეკო ელისაშვილის მოქმედება დაგეგმილი იყო და მისი მიზანი სასამართლოსთვის ცეცხლის წაკიდება და სასამართლო ხელისუფლების საქმიანობისთვის ხელის შეშლა იყო.

სამი მანდატური, რომლებიც პროკურატურის მთავარი მოწმეები გახდნენ

პროკურატურისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმეები სასამართლოს მანდატურები იყვნენ: რევაზ გოგატიშვილი, დავით ხარებაშვილი და გიორგი რიჟამაძე. სამივე იმ ღამეს მორიგეობდა.

მათი მონათხრობიდან იკვეთება, რომ თავდაპირველად ყურადღება სასამართლოს ეზოში მოძრავმა უცნობმა ადამიანმა მიიქცია. სათვალთვალო კამერებით ისინი აკვირდებოდნენ მის მოძრაობას, მოგვიანებით კი ნახეს, რომ უცნობმა კანცელარიის შენობის ფანჯარა ჩაამტვრია და შიგნით შევიდა.

გიორგი რიჟამაძის თქმით, შენობაში შესვლისთანავე იგრძნო ბენზინის მძაფრი სუნი. მისი მონათხრობით, იატაკზე იდო ბოთლი და სანთებელა, რის შემდეგაც უცნობი პირის დაკავება სცადა.

რიჟამაძის თქმით, დაკავებისას ბრალდებული წინააღმდეგობას უწევდა, ცდილობდა ხელის გათავისუფლებას, რამდენჯერმე უკბინა და ბოლოს იარაღის ამოღებაც კი სცადა.

„როგორც დავინახე იყო იარაღის კაბურა და შიგნით იარაღი, ამოიღო იარაღი, ვცდილობდი წართმევას, ეს პიროვნება გვემუქრება სიცოცხლის მოსპობით, „დაგხოცავთო“ ამ სიტყვებით… ვხედავდით, რომ ამოღებული ჰქონდა იარაღი და ხან რეზოს მიმართულებით, ხან ჩემს მიმართულებით ჰქონდა მომართული… მკბენდა ხელზე, ახლაც მეტყობა იარა… საბოლოოდ ჩვენ მოვახერხეთ და დავაგდებინეთ იარაღი ძირს“, - თქვა მან სასამართლოში დაკითხვისას და დაამატა:

„ვცდილობდი წამერთმია, მაგ დროს მიკბინა, ხორცი მქონდა ამოგლეჯილი“.

ადვოკატ გიორგი რეხვიაშვილის შეფასებით კი სასამართლოში მიცემული ჩვენებები და ვიდეოჩანაწერები ერთმანეთს არ ემთხვევა.

კერძოდ, ვიდეოში არ ჩანს, რომ ელისაშვილი მანდატურებს იარაღს უმიზნებდა.

„კადრებში ჩანს, რომ იარაღი მანდატურებმა თავად ამოიღეს“, - ამბობს ის.

„იარაღი ამოვიღე და დავდევდი არა… სირცხვილია“, - თქვა ალეკო ელისაშვილმა, თუმცა მოსამართლემ მას უფრო ვრცელი განმარტების გაკეთების შესაძლებლობა არ მისცა.

გამომძიებლის ჩვენება - რა ნახა შემთხვევის ადგილზე

სასამართლოში დაიკითხა მთავარი გამომძიებელი იულონ კორძაია.

მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე მისვლისას დაზიანებული იყო კანცელარიის შენობის ფანჯარა, ხოლო შიგნით სხვადასხვა ადგილზე დაღვრილი იყო, სავარაუდოდ, ბენზინი.

გამომძიებელმა სასამართლოს მოუყვა, რომ შენობაში ნახეს რევოლვერი, მჭიდი, ვაზნები, ხელთათმანები, სანთებელა, რამდენიმე პლასტმასის ბოთლი, შეშის ფრაგმენტები და სხვა ნივთები. მისი შეფასებით, ნივთების განლაგება აჩვენებდა, რომ ისინი ცეცხლის გასაჩენად იყო მომზადებული.

სხდომაზე იულონ კორძაიამ რამდენჯერმე ახსენა, რომ შემთხვევის ადგილზე ბენზინით სავსე „ბოცები“ დახვდა. ამ ფორმულირებას ყურადღება თავად მოსამართლე გიორგი გელაშვილმაც მიაქცია.

მან განმარტა, რომ სიტყვა „ბოცა“ მინიმუმ 20-ლიტრიან ჭურჭელს უკავშირდება და დაზუსტება მოითხოვა.

საქმის მასალების მიხედვით კი შემთხვევის ადგილზე აღმოჩნდა სამი ლიტრნახევრიანი პლასტმასის ბოთლი, რომელთაგან დაახლოებით სამი ლიტრი საწვავი უკვე დაღვრილი იყო.

დაცვის მხარის ამ ტერმინების გამოყენებას მომხდარის გაზვიადებად მიიჩნევს.

ვიდეოჩანაწერი

ვიდეოში, რომელიც პროკურატურის მთავარი მტკიცებულებაა, ჩანს, როგორ ამტვრევს ნიღბიანი პირი სასამართლოს კანცელარიის შენობის შუშას, შედის შიგნით, გადაადგილდება ოთახებში და სხვადასხვა ადგილზე ასხამს სითხეს.

დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ სასამართლოსთვის წარდგენილი ვიდეო სრული არ არის და ჩანაწერს აკლია სწორედ ის მონაკვეთი, როცა დაკავებულს ნიღაბი მოხსნეს

„არ მოიტანეს ეს კადრები, რადგან სწორედ ამ ეპიზოდში გამოჩნდებოდა, როგორ გაუსწორდნენ მანდატურები უკვე დაკავებულ პოლიტიკოსს, ამიტომ დასჭირდათ დნმ-ები, ექსპერტიზები, მოწმეების ჩვენებები, არადა რა მარტივი იქნებოდა ნიღაბს მოხსნიდნენ და დავინახავდით, რომ ელისაშვილი იყო“, - ამბობს ადვოკატი.

პროკურორ ანი ხუბეჯაშვილის განცხადებით, საქმეში არსებული ყველა ვიდეო კანონის სრული დაცვით არის მოპოვებული და რაიმე მანიპულაციაზე საუბრის საფუძველი არ არსებობს. პროკურორი იმასაც აღნიშნავდა, რომ დაცვის მხარესაც შეეძლო სრული ჩანაწერების გამოთხოვა.

ყველაზე მთავარი - დაამტკიცა თუ არა პროკურატურამ ტერორისტული მიზანი?

თუ პროცესის განმავლობაში წარმოქმნილი ყველა დავა ერთ რამეზე შეიძლება დავიდეს, ეს სწორედ „ტერორისტული მიზნის“ ქონა არ ქონის საკითხია.

სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ტერორისტული მიზანი არის მოსახლეობის დაშინება ან ხელისუფლების ორგანოს, უცხო ქვეყნის ხელისუფლების ორგანოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ან ქვეყნის/უცხო ქვეყნის/საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტური პოლიტიკური, კონსტიტუციური, ეკონომიკური ან სოციალური სტრუქტურების დესტაბილიზაცია ან განადგურება.

ბრალდების მხარე ამბობს, რომ სასამართლოს შენობაში შეღწევა, ბენზინის დასხმა, ცეცხლსასროლი იარაღის ქონა და მანდატურებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ერთად ადასტურებს, რომ მიზანი სასამართლო ხელისუფლების საქმიანობისთვის ხელის შეშლა და მისი დესტაბილიზაცია იყო.

ადვოკატების შეფასებით, გამოძიებას არც უცდია დაედგინა, შეეძლო თუ არა იმ ხანძარს, რომლის გაჩენის მცდელობასაც პროკურატურა ელისაშვილს ედავება, რეალურად სასამართლოს მუშაობის პარალიზება ან შენობის განადგურება გამოეწვია.

ამ კითხვით ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს თავად მიმართეს.

„პასუხი მივიღეთ ასეთი, რომ აღნიშნული საკითხი არის ჰიპოთეტური მსჯელობის საგანი, რის გამოც ვერ დადგინდება, რას გამოიწვევდა ხანძარი თუ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი ვერ ამბობს, რომ რას გამოიწვევს ცეცხლი, მაშინ პროკურატურას და სასამართლოს მითუმეტეს ვერ ეცოდინება ხო?“, - აცხადებს ადვოკატი.

პროცესის განმავლობაში ალეკო ელისაშვილის ადვოკატებმა არაერთხელ ახსენეს კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ასევე ტერორიზმის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს და ასევე სასამართლოსთვის ცეცხლის წაკიდებას ეხება.

ელისაშვილს ახალი ბრალი 30 მარტს წარუდგინეს. ამ დროს ის უკვე იყო ბრალდებული ტერორისტული აქცის მცდელობაში.

ახალი ბრალის დადგენილების თანახმად, 2025 წლის 4 მაისს, დაახლოებით 03:40 საათზე, ალექსანდრე ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის ერთ-ერთი ფანჯარა დააზიანა, საიდანაც ცეცხლი წაუკიდა და ხანძარი გააჩინა შენობაში.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ “თაროზე შემოდებული” ძველი საქმე პოლიტიკოსს პოლიტიკური მიზნებით დაუკავშირეს, სინამდვილეში კი ის შემთხვევის ადგილას საერთოდ არ იმყოფებოდა. ამ საქმეზე ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ელისაშვილს 10-დან 15-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ადვოკატების შეფასებით, სწორედ ახალი საქმის მასალები აჩვენებს, რომ რეალურად გაჩენილმა ხანძარმა სასამართლოს მხოლოდ მცირე - დაახლოებით 400-ლარიანი - მატერიალური ზიანი მიაყენა, რაც ძველ საქმეზე პროკურატურის მსჯელობის საწინააღმდეგოა.

„ჩვენ უკვე მტკიცებულება გვაქვს, რომ ცეცხლი უკვე გაჩნდა და რა გამოიწვია…. ეს უბრალოდ სხვისი ნივთის დაზიანებაა და არა ტერორისტული აქტი“ , - ამბობს ადვოკატი.

პროკურატურა ამ ორ საქმეს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განიხილავს და მიიჩნევს, რომ თითოეულში წარმოდგენილი მტკიცებულებები ცალ-ცალკე უნდა შეფასდეს.

„ქმედების დასრულების შემთხვევაში, ზიანი 25 მილიონზე მეტი ლარის იქნებოდა. თუმცა, ქონებრივი ზიანის გარდა, ქმედების დასრულების შემთხვევაში, სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაცია, მართლმსაჯულების განხორციელებაში ჩარევა მოხდებოდა. სისხლის სამართლის კოდექსი დასრულებულ ქმედებასა და მცდელობასთან მიმართებით რამე ტიპის განსხვავებას არ ცნობს ქმედების კვალიფიკაციის დროს” ,- აცხადებს პროკურორი ხუბეჯაშვილი.

პოლიტიკოსმა გამოტოვა სასამართლო განხილვების ნახევარი. ის წესრიგის დარღვევის არგუმენტით მოსამართლემ სხდომიდან გააძევა, ადვოკატების შეფასებით, მას მიზანმიმართულად ეზღუდება პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შესაძლებლობა.

ალეკო ელისაშვილს პროკურატურის მოთხოვნით ისევ აკრძალული აქვს გარესამყაროსთან კომუნიკაცია, ოჯახის წევრებთან დარეკვა და წერილობითი კორესპონდენცია.

რას გადაწყვეტს სასამართლო

მოსამართლეს ერთდროულად რამდენიმე კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა.

არის თუ არა მის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები საკმარისი იმისთვის, რომ დადასტურდეს არა მხოლოდ სასამართლოში შეღწევა და ხანძრის გაჩენის მცდელობა, არამედ ტერორისტული მიზანიც?

ადასტურებს თუ არა მანდატურების ჩვენებები, ვიდეოჩანაწერები, ნივთმტკიცებულებები და ექსპერტიზები, რომ ბრალდებულის მიზანი მართლაც სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაცია იყო?

ალეკო ელისაშვილს ტერორისტული აქტის მცდელობის საქმეზე 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

როგორიც არ უნდა იყოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, საქმე, დიდი ალბათობით, სააპელაციო სასამართლოშიც გაგრძელდება.

← მთავარი