← მთავარი
მსოფლიო

2030 წლისთვის AI-ის იმდენივე წყალი დასჭირდება, რამდენიც 1.3 მილიარდ ადამიანს

16 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
2030 წლისთვის AI-ის იმდენივე წყალი დასჭირდება, რამდენიც 1.3 მილიარდ ადამიანს

ხელოვნური ინტელექტის მიერ მოხმარებული წყლის რაოდენობა 2030 წლისთვის 1.3 მილიარდი ადამიანის საჭიროებას გაუტოლდება, რაც მსოფლიოს მასშტაბით ბუნებრივ რესურსებს საფრთხეს უქმნის. ეს გაეროს უნივერსიტეტის წყლის, გარემოსა და ჯანმრთელობის ინსტიტუტის (UNU-INWEH) ახალი ანგარიშიდან ჩანს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ ელექტროენერგიის მოხმარებით გამოწვეულ ნახშირბადის, წყლისა და მიწის ანაბეჭდს აფასებს. წყლის ანაბეჭდი რომელიმე საქმიანობის, პროდუქტის ან ობიექტის მიერ მოხმარებული წყლის მთლიან რაოდენობას აღნიშნავს, მათ შორის, როგორც პირდაპირ მოხმარებას (მაგალითად, გასაცივებლად), ასევე არაპირდაპირს (მაგალითად, ენერგიის წარმოებისთვის საჭირო წყალს); მიწის ანაბეჭდი იმ ფიზიკურ ფართობს ნიშნავს, რომელსაც რომელიმე საქმიანობა, პროდუქტი ან ინფრასტრუქტურა იკავებს ან გარემოზე გავლენით აზიანებს, მაგალითად, შენობებისთვის, გზებისთვის ან ენერგომომარაგების ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი მიწა. ანგარიშის თანახმად, ხელოვნური ინტელექტის გარემოსდაცვითი ღირებულება ხშირად არასწორად იზომება — ანგარიშები ფოკუსირებულია მხოლოდ ნახშირბადის ემისიებზე. თუმცა მონაცემთა ცენტრების გასაცივებელ და ენერგომომარაგების პროცესს თავისი წყლის ანაბეჭდი აქვს, ხოლო ამ ცენტრების ასაშენებლად საჭირო ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და მიწოდების ჯაჭვებს — მიწის ანაბეჭდი. ანგარიშის თანახმად, მონაცემთა ცენტრების მიერ რეგიონზე განხორციელებული დატვირთვის გასაანალიზებლად, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორებია. ანგარიშის მიხედვით, 2030 წლისთვის ხელოვნური ინტელექტის მამუშავებელი მონაცემთა ცენტრები მსოფლიო მასშტაბით 945 ტერავატ-საათ ელექტროენერგიას მოიხმარენ. ეს თითქმის სამჯერ უსწრებს პაკისტანის, ბანგლადეშისა და ნიგერიის წლიური ელექტროენერგიის ერთობლივ მოხმარებას. ამ ქვეყნების საერთო მოსახლეობა 650 მილიონს აღემატება. იმავე პროგნოზით, მონაცემთა ცენტრების წყლის ანაბეჭდი, სუბსაჰარულ აფრიკაში მცხოვრები 1.3 მილიარდი ადამიანის ერთწლიან საყოფაცხოვრებო საჭიროებას გაუტოლდება, ხოლო მიწის ანაბეჭდი 14 478 კვადრატულ კილომეტრს გადააჭარბებს. ეს ორი ჯაკარტას მეტროპოლიტენისხელა ტერიტორიაა, სადაც ამჟამად 32 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. როგორც ჩანს, ენერგიის უფრო ეკოლოგიურ წყაროებზე გადასვლა არც ისეთი მარტივია. მკვლევრების თქმით, ერთი ანაბეჭდის შემცირება, შესაძლოა, მეორის გაზრდის ხარჯზე მოხდეს. მაგალითად, ქვანახშირიდან ბიოენერგიაზე გადასვლა ელექტროენერგიის ნახშირბადის ანაბეჭდს 70 პროცენტით ამცირებს, მაგრამ მის წყლის ანაბეჭდს 30-ჯერ და მიწის ანაბეჭდს 100-ჯერ ზრდის. “ყველაზე მეტად ის გვაკვირვებს, რომ ნახშირბადის პერსპექტივიდან ყველაზე “ეკოლოგიურად” შემოთავაზებული გადაწყვეტილებები, ხშირად წყლისთვის ან მიწისთვის უარეს შედეგს იძლევა”, — პრესრელიზში განაცხადა მირიამ აცელმა, ანგარიშის მთავარმა ავტორმა — “თუ ხელოვნური ინტელექტის მდგრადობას მხოლოდ ნახშირბადის მაჩვენებლით ვაფასებთ, შესაძლოა ვიფიქროთ, რომ განახლებადი ენერგია ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას ეკოლოგიურად უსაფრთხოს ხდის, თუმცა სინამდვილეში ერთი პრობლემის გადაჭრით სხვა პრობლემებს ვქმნით და ხშირად იმ ადგილებში, რომელსაც ეს არასოდეს უთხოვია”. ხელოვნური ინტელექტი უკვე მოიხმარს მსოფლიოს მრავალი თემისთვის მნიშვნელოვან ენერგორესურსებს. მხოლოდ 2025 წელს, ანგარიშის თანახმად, მონაცემთა ცენტრებმა დაახლოებით 448 ტერავატ-საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც საუდის არაბეთის მოხმარებულ ელექტროენერგიაზე მეტია. ხშირ შემთხვევაში ეს გადამეტებული ენერგომოხმარება მახლობლად მცხოვრებთა ხარჯზე ხდება. ირლანდიაში 2023 წელს მთლიანი გაზომილი ელექტროენერგიის 21 პროცენტი მონაცემთა ცენტრებზე მოდიოდა, რაც ქალაქის შინასამეურნეო მოხმარებას აღემატებოდა. (ქვეყნის ეროვნულმა ქსელის ოპერატორმა შემდგომში დუბლინის მიმდებარედ ახალი ნებართვების გაცემა 2028 წლამდე შეაჩერა).

საცხოვრებელ სახლებთან მდებარე მონაცემთა ცენტრი, ვირჯინიის შტატი

ფოტო: Nathan Howard / Getty Images

დიდ მონაცემთა ცენტრებს სერვერების გასაცივებლად დღეში 18,9 მილიონ ლიტრამდე წყალი სჭირდება. წყლის უკვე არსებული დეფიციტის პირობებში მყოფი მოსახლეობისთვის, ეს მცირე რესურსების კიდევ უფრო შემცირების საფრთხეს ქმნის. მექსიკის ქალაქ კერეტაროში დაჩქარებული წესით დაგეგმილი მონაცემთა ცენტრები ხანგრძლივი გვალვის ფონზე წყლის მარაგებს ემუქრება. მსგავსი დაპირისპირება ურუგვაიშიც მოხდა, როდესაც წყალზე დამოკიდებული მონაცემთა ცენტრის მშენებლობის გეგმები 2023 წლის გვალვისას გამოცხადდა. ამ გვალვამ ქვეყნის უმსხვილესი ქალაქის სუფთა წყლის მარაგი ისე დააცარიელა, რომ ონკანის წყალი სასმელად საშიში გახდა. ადამიანის საჭიროებებზე მაღლა სამრეწველო საჭიროებების დაყენებამ პროტესტი გამოიწვია. Meta მონაცემთა ცენტრების მშენებლობისთვის მუშათა აკადემიას ხსნის რესურსებზე დატვირთვისა და ადგილობრივ გარემოზე ზემოქმედების გარდა, ანგარიში ცალკე აღნიშნავს უთანასწორობასაც. მსოფლიო მასშტაბით მონაცემთა ცენტრების სწრაფი ზრდის პარალელურად, მკვლევრები მზარდ “ციფრულ განხეთქილებაზე” გვაფრთხილებენ. ეს არის ვითარება, როდესაც მდიდარ ქვეყნებს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაში ინვესტირება შეუძლიათ, ხოლო დაბალშემოსავლიან ქვეყნებს ხელოვნური ინტელექტის ეკონომიკაში ჩართვისა და მასზე წვდომის სირთულეები აქვთ. ეს განხეთქილება ნაწილობრივ უკვე ჩანს. 2025 წლის მონაცემებით, მხოლოდ 32 ქვეყანას (მსოფლიო ქვეყნების 16 პროცენტს) აქვს ხელოვნური ინტელექტისთვის სპეციალიზებული მონაცემთა ცენტრები, ხოლო ამ მთლიანი მოცულობის 90 პროცენტი ორ ქვეყანაშია კონცენტრირებული — აშშ-სა და ჩინეთში. ამასთან, ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურამ 2030 წლისთვის, შესაძლოა, წლიურად 2,5 მილიონ ტონამდე ელექტრონული ნარჩენი გამოიმუშაოს, რაც ამ ნარჩენების უმეტესობის მიმღებ მოსახლეობას (უპირატესად დაბალშემოსავლიან ქვეყნებში) ტოქსიკურ ნივთიერებებთან კონტაქტის რისკის ქვეშ დააყენებს. “მსოფლიოს პრივილეგირებულ ნაწილებში ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის კონცენტრირებული განვითარება დიდ ციფრულ განხეთქილებას წარმოშობს, რაც ხელოვნური ინტელექტის სამართლიანი განვითარების გზაზე ღრმა გამოწვევებს ქმნის”, — პრესრელიზში განაცხადა გაეროს უნივერსიტეტის რექტორმა და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, ტშილიძი მარვალამ — “ხელოვნურ ინტელექტს უდავოდ შესწევს ძალა, ეკონომიკური აღმავლობა და ადამიანის კეთილდღეობა გააძლიეროს. ამის სამართლიანად განხორციელება დღეს არა ტექნიკური, არამედ მმართველობითი საკითხია”. იმისთვის, რომ მონაცემთა ცენტრების განვითარება მოსახლეობის ხარჯზე არ მოხდეს, ანგარიში “ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი ეკოსისტემის” შექმნას მოითხოვს და აღნიშნავს, რომ ნებართვების გაცემა, გარემოზე ზემოქმედების შეფასება და მოსახლეობასთან კონსულტაცია, ნახშირბადთან ერთად, წყლისა და მიწის გამოყენების რეალურ სურათსაც უნდა ითვალისწინებდეს. მთავრობებმა, ინვესტორებმა და ფინანსურმა ინსტიტუტებმა გარემოსდაცვითი რისკების შემამცირებელი წესები უნდა შემოიღონ, განაცხადა UNU-INWEH-ის დირექტორმა, ქავეჰ მადანიმ — “დრო გვეწურება იმისთვის, რომ ჩვენი ეპოქის ტექნოლოგიური რევოლუცია პლანეტის შესაძლებლობების ფარგლებში განვითარდეს და სარგებელი იმათაც მიიღონ, ვის მიწა-წყალზეც შენდება ინფრასტრუქტურა და გროვდება ელექტრონული ნარჩენები”. ასევე ნახეთ: მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა

თუ ხელოვნური ინტელექტი და ამ სფეროში მიმდინარე სიახლეები შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჩვენს ჯგუფში — AI ყველასთვის

← მთავარი