რატომ ზეიმობენ აფხაზეთში გასაბჭოებას — ახალი კვლევა ისტორიულ მითებს ამხელს
1921 წლის 4 მარტი — ის დღე, როდესაც „წითელი არმია” სოხუმში შევიდა — სეპარატისტულ აფხაზეთში „სახელმწიფოებრიობის დღედ” და საქართველოსგან „გათავისუფლების” სიმბოლოდ ითვლება. კვლევითი პროექტი „აფხაზეთი (1917-1921) — მეხსიერების რეკონსტრუქცია” ამ ისტორიულ წარმოდგენებს ეჭვქვეშ აყენებს.
მკვლევარი გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ კვლევა იმ „სპუტნიკის” ანიმაციის გამო დაიწყო, რომელშიც 1921 წელი გასაბჭოება-„გათავისუფლებად” იყო წარმოდგენილი.
„მითის ნაწილია ისიც, რომ საბჭოთა ხელისუფლება სახალხო აჯანყების შედეგად დამყარდა. ამ მითში მთავარი „წითელი არმია” კი არ არის, არამედ ადგილობრივი ბოლშევიკები, რომლებიც „თავისუფლებისთვის” იბრძოდნენ”, — ამბობს კანდელაკი.
კვლევამ, რომელიც იმ პერიოდის საარქივო მასალებსა და პრესაზე დაყრდნობით დაიწერა, საპირისპირო სურათი გამოავლინა. „ჩვენი ამბიციაა, ეთნიკური პარადიგმა — „აქეთ აფხაზები, იქით ქართველები” — მთლიანად გადაიხედოს”, — ამბობს მკვლევარი.
კვლევის კონტექსტი
1921 წლის 8 მარტს სოხუმში გამართულ მიტინგზე მიღებული რეზოლუცია ლენინს გაუგზავნეს. მასში ნათქვამია, რომ „აფხაზეთის მშრომელები ქართველი მენშევიკების თვითმპყრობელობის მძიმე უღლის ქვეშ იტანჯებოდნენ” — ეს ფრაზეოლოგია 100 წლის შემდეგ კვლავ ფუნქციონირებს სეპარატისტულ ნარატივში.
გარდა ამისა, 2010 წლის 4 მარტს გარდაიცვალა აფხაზეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა, რაც ამ დღეს ოდნავ საგლოვო ხასიათს ანიჭებს.