ახალციხეში, რუსთაველის ქუჩის 42 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ რეგიონული მედია TOK2REGIONS ავრცელებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ყველა მათგანი თავდაპირველად ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მოგვიანებით, სხვადასხვა ხარისხის დამწვრობით, ორი პირი თბილისის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, ხოლო ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, კლინიკა კიდევ ორი დაშავებულის მისაღებად ემზადება.
ადგილობრივი მცხოვრებლების ვერსიით, შემთხვევის მიზეზი, სავარაუდოდ, საცხოვრებელი სახლის ჭერში დაგროვილი ბუნებრივი აირი გახდა, რამაც მძლავრი აფეთქება გამოიწვია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო. უწყების ინფორმაციით, საქმე აღძრულია ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ბუნებრივი წყალბადის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.