ამერიკულმა ფირმა AECOM-მა სომხეთში TRIPP-ის ტერიტორია შეისწავლა
ამჯერად მათ დეტალურად შეისწავლეს ის ტერიტორია, სადაც „ტრამპის მარშრუტის“ სარკინიგზო და სხვა ინფრასტრუქტურა გაივლის.
სწორედ ამ ინფრასტრუქტურის დაპროექტების მიზნით იმყოფებოდნენ ისინი სომხეთში.
ინფორმაცია სომხეთში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა 10 ივლისს.
„გასულ კვირას სომხეთში ამერიკულ საინჟინრო და საკონსულტაციო ფირმა AECOM-ს ვუმასპინძლეთ“, - წერია საელჩოს განცხადებაში.
„AECOM-ის გუნდმა და სომხეთის მთავრობის პარტნიორებმა TRIPP-ის ტერიტორია შეისწავლეს რკინიგზისა და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, კავშირგაბმულობას და რეგიონულ ინტეგრაციას“, - განაცხადა საელჩომ.
AECOM-ის ექსპერტთა ჯგუფი მაისშიც იმყოფებოდა სომხეთში - 2026 წლის 13 მაისს AECOM-ის ჯგუფს უმასპინძლა სომხეთის ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა.
AECOM-ი არის „ამერიკული მულტინაციონალური ინფრასტრუქტურის საკონსულტაციო ფირმა“, კერძო კომპანია, რომლის შტაბ-ბინაც მდებარეობს დალასში, ტეხასის შტატში. მისი აქციები განთავსებულია ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე.
სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, ეს კომპანია ამ შემთხვევაში წარმოადგენს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის „გლობალური ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო პარტნიორობის ფონდს“.
AECOM-ის ექსპერტთა ჯგუფი მანამდე 2026 წლის თებერვლის დასაწყისში იმყოფებოდა სომხეთში.
„შეხვედრის დროს AECOM-ის წარმომადგენლებმა ვიცე-პრემიერს წარუდგინეს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ძირითადი მიმართულებები და მოსალოდნელი შედეგები“, - აცხადებენ ფაშინიანის მთავრობაში.
მჰერ გრიგორიანმა, სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობითვე:
- „ხაზი გაუსვა მიმდინარე სამუშაოებს,
- ხაზი გაუსვა TRIPP-ის მნიშვნელობას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების პერსპექტივიდან;
- წარმოადგინა რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვის შესაძლებლობები და ხაზი გაუსვა ტვირთებისა და რესურსების სომხეთის ტერიტორიის გავლით ტრანზიტის დიდ პოტენციალს“.
TRIPP-ი შემუშავებულია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძალისხმევით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 2025 წლის 8 აგვისტოს შეთანხმების საფუძველზე.
ამ პროექტის წყალობით სომხეთმა და აზერბაიჯანმა მნიშვნელოვანი ეკონომიკური შეთანხმებები გააფორმეს, პოლიტიკური მხარდაჭერა და მიღწეული მშვიდობის განმტკიცების პირობა მიიღეს.
დღეს სომხეთიც და აზერბაიჯანიც აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორები არიან.