← მთავარი
საზოგადოება

"რეორგანიზაციის" მოტივით აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 14 თანამშრომელი გაათავისუფლეს

14 ივნისი, 2026 · წყარო: civil.ge

„რეორგანიზაციის“ მოტივით აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან თოთხმეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს. ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში მედიის საქმიანობას აკვირდებიან, ამ ნაბიჯს კრიტიკული გაშუქების წინააღმდეგ მიმართულ ერთ-ერთ ზომად განიხილავენ.ინფორმაცია თავდაპირველად პლატფორმა „მედია ჩეკერმა“ გაავრცელა, რომლის თქმითაც რამდენიმე თანამშრომელმა 2 ივნისს შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ იდენტური ელექტრონული შეტყობინებები მიიღო. მოგვიანებით, პლატფორმამ განაცხადა, რომ მენეჯმენტმა დაადასტურა წარმოებისა და საინფორმაციო სამსახურებიდან 14 თანამშრომლის გათავისუფლება. მას მაუწყებლის დირექტორის ირაკლი კიკვაძის ციტატა მოჰყავს, რომლის თქმითაც, რეორგანიზაციის ფარგლებში „ამ ეტაპზე მოგვიწია რამდენიმე თანამშრომელთან დამშვიდობება“.„ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურული და არამხოლოდ მიზეზების გამო, ბევრი გადაცემის გაუქმება მოგვიწია. ამ მიმართულებითაც გვაქვს სამომავლო გეგმები და ადამიანებს მიეცემათ საშუალება საეთერო დროის გამოყენების, როცა ამის პირობები იქნება“, – განუცხადა ირაკლი კიკვაძემ „მედია ჩეკერს“.საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ეს ნაბიჯი „უსამართლოდ და დაუსაბუთებლად“ მიიჩნია და აღნიშნა, რომ „გათავისუფლებული ჟურნალისტები დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევიან და რომ ისინი ყოველთვის პატივისცემას იჩენენ განსხვავებული აზრის მიმართ და სვამენ კრიტიკულ შეკითხვებს“.ორგანიზაციის თქმით, „გათავისუფლებული ჟურნალისტების ნაწილი, ვისი პოზიციაც ამ დროისთვის ცნობილია, თავადაც ასე მიიჩნევს, რომ კრიტიკული აზრის გამო იდევნება. ეს ქარტიას აფიქრებინებს, რომ გათავისუფლებები სხვა არაფერია, თუ არა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიტიკული აზრისგან დაცლის მცდელობა და ეს შერჩევითი, მიკერძოებული დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ აჭარაში საინფორმაციო ველის საბოლოოდ მოსუფთავებას ემსახურება“.გათავისუფლებული ჟურნალისტებიდან ერთ-ერთმა, ირინა ყურუამ განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო და აღნიშნა, რომ მაუწყებელში კრიტიკული ხმები სულ უფრო მეტად ექცეოდნენ ზეწოლის ქვეშ.„ზუსტად ვიცოდი, რომ მსგავსი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული“, – განუცხადა მან ტელეკომპანია „ფორმულას“. მისი თქმით, გადაცემა „სათქმელი“, რომელიც მას მიყავდა, „იყო იშვიათად შემორჩენილი სივრცე… სადაც განსხვავებული აზრი, კრიტიკული მოსაზრებები, კრიტიკული კითხვები და შესაბამისად კრიტიკული მოსაზრებები ისმოდა“. მან ასევე განაცხადა, რომ „ეს არის გაგრძელება იმ ტალღის, რაც მართლაც გადაიტანა აჭარის ტელევიზიამ, როცა კრიტიკულად მოაზროვნე, კრიტიკული კითხვების ავტორ-ჟურნალისტებს ეტაპობრივად უზღუდავნდნენ სამუშაო სივრცეებს და დასჯის მიზნით ჩამოაქვეითებდნენ ან საერთოდ უშვებდნენ“.This post is also available in:

English Tagsაჭარის ტელევიზია პრესის თავისუფლება რეორგანიზაცია

Copy URL URL Copied

← მთავარი