← მთავარი
სამართალი

ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ მასშტაბური საერთაშორისო ოპერაცია ჩატარდა

7 ივლისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ მასშტაბური საერთაშორისო ოპერაცია ჩატარდა

ადამიანებით ვაჭრობის(ტრეფიკინგი) წინააღმდეგ მსოფლიოს 59 ქვეყნის მონაწილეობით ჩატარდა მასშტაბური საერთაშორისო ოპერაცია, რომლის შედეგადაც დადგენილია 2070 მსხვერპლის ვინაობა, დაკავებულია 1024 ეჭვმიტანილი და დაწყებულია 465 გამოძიება.

ევროპის, აზიის, ჩრდილოეთ ამერიკის, სამხრეთ ამერიკის და აფრიკის ქვეყნების სამართალდამცავების მიერ ივნისში ჩატარებული ოპერაციის, „გლობალური ჯაჭვის“ ეს შედეგები 6 ივლისს ინტერპოლმა გამოაქვეყნა. საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილე 59 ქვეყანას შორის საქართველოცაა.

ოპერაცია ავსტრიის და რუმინეთის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა და მას კოორდინაციას უწევდნენ ინტერპოლი, ევროპოლი, ამერიპოლი და სასაზღვრო კონტროლის ევროპული სააგენტო Frontex.

საერთაშორისო ოპერაცია მიმართული იყო ადამიანებით ვაჭრობის ქსელების წინააღმდეგ, რომელთა წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყანაში მსხვერპლთ მიზანმიმართულად ირჩევდნენ მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფებიდან, მოტყუებით და იძულებით აგზავნიდნენ სხვა ქვეყნებში და აიძულებდნენ პროსტიტუციას, ქუჩაში მოწყალების მიღებას, სხვადასხვა დანაშაულში მონაწილეობას და იძულებით შრომას.

ინტერპოლის მონაცემებით, დაზარალებულები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 45 ქვეყნიდან არიან, თუმცა უმრავლესობა არგენტინის, კოლუმბიის, ვენესუელის, მოლდოვის და ნეპალის მოქალაქეა.

გამოვლენილ ტენდენციებს შორისაა ლათინური ამერიკიდან ადამიანებით ვაჭრობა ევროპაში იძულებითი შრომისთვის, სამხრეთ აზიის ქვეყნებში მსხვერპლთა ჩართვა კრიმინალურ საქმიანობაში და შეიარაღებულ კონფლიქტებში იძულებით მონაწილეობა.

ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაახლოებით 10% იყვნენ არასრულწლოვნები ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან. ისინი სექსუალურ ექსპლუატაციას განიცდიდნენ.

ოპერაციის შედეგად გამოვლენილი დაზარალებულები დაცვის ეროვნულ სამსახურებს გადასცეს.

← მთავარი