← მთავარი
საზოგადოება

ადამ კადიროვს საგზაო პოლიციის მედალი გადასცეს სასიკვდილო ავტოავარიისა და საპირისპირო ზოლში სახიფათო მოძრაობის შემდეგ

5 ივლისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
ადამ კადიროვს საგზაო პოლიციის მედალი გადასცეს სასიკვდილო ავტოავარიისა და საპირისპირო ზოლში სახიფათო მოძრაობის შემდეგ

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 18 წლის ვაჟმა, ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო მიიღო - საიუბილეო მედალი „რუსეთის შსს საგზაო პოლიციის (ГИБДД) 90 წელი“.

2026 წლის იანვარში კადიროვის ვაჟი გროზნოში სასიკვდილო ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე გახდა, ცოტა ხნის წინ კი თავად გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც საგზაო მოძრაობის წესებს უხეშად არღვევს.

ადამ კადიროვის დაჯილდოების შესახებ განცხადება გაავრცელა მისმა მამამ, რამზან კადიროვმა, რომელმაც თავადაც მიიღო საიუბილეო მედალი. სახელმწიფო ავტოინსპექციის დაარსების წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიის ჩანაწერში ჩანს, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის საგზაო პოლიციის თანამშრომლებს ორდენებს, მედლებსა და საპატიო სიგელებს ჯერ რამზან კადიროვი გადასცემს, შემდეგ კი მისი ვაჟი.

2026 წლის ივნისის ბოლოს ადამ კადიროვმა საჭესთან გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, რომ დასახლებულ პუნქტში ის დასაშვებ სიჩქარეს ორჯერ აჭარბებს და შემხვედრი ზოლში გადადის. ვიდეოში ესკორტის სპეციალური ავტომობილები არ ჩანს, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა მძღოლებისთვის მოძრაობა არ იყო შეჩერებული.

16 იანვარს ჩეჩნეთის ლიდერის ვაჟის ავტოკორტეჟი გროზნოში ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა. დაიღუპა ავტომობილის მძღოლი, რომელსაც კორტეჟის წინ მიმავალი მანქანა შეეჯახა. რადიო თავისუფლების პროექტ Kavkaz.Realii-ის ინფორმაციით, ადამ კადიროვი და მისი გარემოცვის დაახლოებით 20 წევრი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოცემა „Новая Газета Европа“-ს ცნობით, ყმაწვილ კადიროვს ელენთა ამოკვეთეს, ასევე, სავარაუდოდ, სერიოზულად ჰქონდა დაზიანებული მხედველობის ნერვი.

ივნისის შუა რიცხვებში ადამ კადიროვმა მეორედ მიიღო „ჩეჩნეთის გმირის“ წოდება. შესაბამის განკარგულებას კვლავ მისი მამა, რამზან კადიროვი, აწერდა ხელს. პირველად ეს წოდება ადამმა ჯერ კიდევ 2023 წელს მიიღო - მას შემდეგ, რაც გროზნოს წინასწარი პატიმრობის იზოლატორში ნიკიტა ჟურაველს სცემა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ადამ კადიროვს 20-ზე მეტი სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდო გადაეცა.

2026 წლის ივნისის დასაწყისში ჩეჩნურმა ოპოზიციურმა მოძრაობამ NIYSO განაცხადა, რომ რესპუბლიკის ერთ-ერთი მცხოვრები ძალოვანი უწყების თანამშრომლის ბრალეულობით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

NIYSO-ს მტკიცებით, 9 მაისს გროზნოში 62 წლის ტახირ ვაზარხანოვი დაიღუპა იმ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელშიც ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები მონაწილეობდნენ. მოძრაობის ვერსიით, ე.წ. „კადიროველები“ ვაზარხანოვის ავტომობილს მაშინ შეეჯახნენ, როდესაც უპილოტო საფრენი აპარატის დევნას ახორციელებდნენ.

← მთავარი