ოკუპირებულ აფხაზეთში განას დელეგაცია ჩავიდა. როგორც Apsnypress იუწყება, ოკუპირებულ სოხუმსა და განას ქალაქ სუჰუმს შორის დაძმობილების შეთანხმება გაფორმდა.
ხელმოწერის ცერემონიამდე, ოკუპირებული სოხუმის ადმინისტრაციის ე.წ. ხელმძღვანელი ტიმურ აგრბა სტუმრებს მიესალმა და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია საზოგადოებრივი დიპლომატიის განვითარებისა და დედაქალაქის საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოების კუთხით.
“ის ფაქტი, რომ შორეულ განას რესპუბლიკაში არსებობს მსგავსი სახელწოდების, სოხუმის მუნიციპალური ოლქი, ამ პარტნიორობას სიმბოლურს და უნიკალურს ხდის. ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ პოტენციალს ამ შეთანხმებაში საზოგადოებრივი დიპლომატიის განვითარებისთვის. მანძილისა და კულტურული განსხვავებების მიუხედავად, ჩვენ გვაერთიანებს საერთო სურვილი, მოდერნიზდეს ურბანული გარემო, გაუმჯობესდეს ადამიანების ცხოვრების ხარისხი და შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა. დარწმუნებული ვარ, რომ გამოცდილების გაცვლა ტურიზმის, კულტურული მემკვიდრეობისა და ურბანული რესურსების მართვის სფეროში რეალურ სარგებელს მოუტანს ორივე მუნიციპალიტეტს და მყარ საფუძველს ჩაუყრის ჩვენს ხალხებს შორის ხანგრძლივ, გულწრფელ მეგობრობას”, – განაცხადა აგრბამ.
Apsnypress-ის ცნობით, განას წარმომადგენელმა ფრენკ დანკომ აღნიშნა, რომ განას და ოკუპირებულ აფხაზეთს არა მარტო საერთო სახელი, “საერთო ბედიც აერთიანებთ”.
“კონტინენტებით, კულტურებითა და ენებით გაყოფილები, ჩვენ მაინც გვაერთიანებს რაღაც ნამდვილად არაჩვეულებრივი — საერთო სახელი და, მე მჯერა, საერთო ბედი. ბევრისთვის ეს დამთხვევა შეიძლება დამთხვევად მოგეჩვენოთ. თუმცა, ჩვენთვის ეს უნიკალური შესაძლებლობაა, ავაშენოთ ძლიერი პარტნიორობა, რომელიც გადაიზრდება ნამდვილ მეგობრობაში, ეკონომიკურ თანამშრომლობაში, ვაჭრობაში, ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებსა და ჩვენი ორი ხალხის კეთილდღეობაში”, — თქვა დანკომ