← მთავარი
საზოგადოება

5 ყველაზე მაღალი მწვერვალი საქართველოში

1 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
5 ყველაზე მაღალი მწვერვალი საქართველოში

საქართველოს 5 ყველაზე მაღალი მწვერვალი ძირითადად კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, კერძოდ კი, ისტორიულ სვანეთში მდებარეობს (გამონაკლისია მყინვარწვერი, რომელიც ყაზბეგშია).

მათი ჩამონათვალი ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით ასე გამოიყურება:

შხარა - 5203 მეტრი

მდებარეობს ზემო სვანეთში, საქართველოსა და ყაბარდო-ბალყარეთის საზღვარზე. ის საქართველოს უმაღლესი წერტილია.

სვანურ ენაზე შხარა “ცხრას“ ნიშნავს და მის ქედზე არსებულ მრავალ მწვერვალზე მიუთითებს. იგი წარმოადგენს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის უმაღლეს წერტილს და კავკასიონის მთათა სისტემაში სიმაღლით მეორე ადგილს იყოფს მწვერვალ დიხთაუსთან, იალბუზის შემდეგ. იგი აგებულია გრანიტისა და კრისტალოვანი ფიქალისაგან.

ზოგიერთი წყაროს ცნობით, შხარას სიმაღლე 5208 მეტრია. მისი დასავლეთი და ცენტრალური მწვერვალები აგრეთვე 5000 მეტრს ზემოთ მდებარეობენ. სამხრეთი მხარე კავკასიონის და ევროპის ერთ-ერთ უმაღლეს კედლად ითვლება და ის 2300 მეტრს აღწევს მთის ძირიდან მწვერვალამდე. შხარაზე არ არსებობს დაბალი და საშუალო კატეგორიის მარშრუტი ასასვლელად და დასაშვებად. კავკასიური შეფასების შკალით საშუალოდ 5ა - 6ა კატეგორიის გზები გვხვდება, რაც მის განსაკუთრებულ სირთულეზე მიუთითებს.

ჯანღა - 5059 მეტრი

ჯანღა, ჯანგითაუ მდებარეობს საქართველოს მესტიის მუნიციპალიტეტისა და რუსეთის ყაბარდო-ბალყარეთის საზღვარზე, მდინარე ენგურის მარჯვენა შენაკადის - ხალდეჭალის სათავეში. წარმოადგენს ბეზენგის უზარმაზარი კედლის ნაწილს. აერთიანებს სამ მწვერვალს: აღმოსავლეთ (5038 მ), მთავარ (5078 მ) და დასავლეთ (5059 მ) ჯანღას. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. მთლიანად მოქცეულია ხალდეს მყინვარის აუზში. კალთები 2000 მ ქვევით წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყითაა შემოსილი, ზემოთ სუბალპური და ალპური მდელოებია. ამ რაიონში იღებს სათავეს კავკასიონის ერთ-ერთი უდიდესი მყინვარი ბეზენგი. ჯანღა ალპინიზმის პოპულარული ადგილია.

1888 წლის 12 სექტემბერს აღმოსავლეთ ჯანღაზე პირველები ავიდნენ ინგლისელი მთამსვლელები (ჯ. კოკინი, უ. ალმერი, კ. როსი), რომლებმაც რამდენიმე დღით ადრე შხარა დალაშქრეს, მოგვიანებით კი - უშბა და დიხთაუ. ყველაზე რთული, 5 B კატეგორიის მარშრუტი (სამხრეთ-დასავლეთი კედელი) პირველად ქართველმა მთამსვლელებმა (გრიშა გულბანი - ჯგუფის ხელმძღვანელი, გიორგი ბერძენიშვილი, ჯოკია გუგავა, სოზარ გუგავა, ილო ყავლაშვილი, სულიკო ხაბეიშვილი) გაკვალეს. მთავარ ჯანღაზე პირველი ასვლა ასევე უცხოელ მთამსვლელებს ეკუთვნით.

მყინვარწვერი - 5047 მეტრი

მდებარეობს ხოხის ქედზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში და წარმოადგენს ვულკანურ მწვერვალს.

მყინვარწვერი არის მწვერვალი, რომელიც ყველა გემოვნების ადამიანს იზიდავს. აუცილებელი არაა იყოთ მთამსვლელი ან მეკლდეური რომ ამ საოცარ მწვერვალზე შედგათ ფეხი. აქ მოხვედრა ყველა ადამიანს შეუძლია, ვინც არ დაიზარებს და სწორ დროს, საჭირო აღჭურვილობით, გამოცდილ გუნდთან ერთად ეწვევა მას.

მყინვარწვერი მდებარეობს ხოხის ქედზე. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 5054 მეტრია, თუმცა ზოგიერთი წყარო იუწყება, რომ ის 5033 მეტრს არ აღემატება. მყინვარწვერიდან ეშვება რამდენიმე მყინვარი: სუათისი, მნა, ორწვერი, დევდარაკი და სხვა. აქედან იღებს სათავეს მდინარე თერგი. მყინვარწვერი საქართველოში სიმაღლით მესამე მწვერვალია, ის სულ რაღაც 150 მეტრით ჩამოუვარდება უმაღლეს მწვერვალ შხარას. მყინვარწვერის კლასიკური მარშრუტი იწყება გერგეტის სამებიდან.

მწვერვალი შოთა რუსთაველი - 4960 მეტრი

მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში, ბეზენგის კედელზე, მწვერვალ შხარის დასავლეთით. სიმაღლე ზღვის დონიდან 4960 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებითა და გნაისებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. საბჭოთა პერიოდში პირველად მწვერვალზე სამხრეთი მხრიდან ავიდნენ (1937) ქართველი ალპინისტები ალექსანდრე გვალია და რამინ კვიციანი და მას შოთა რუსთაველის სახელი უწოდეს.1938 წელს იმავე მარშრუტით პიკზე ავიდნენ გაბრიელ ხერგიანი, ალექსანდრე გვალია, ბექნუ ხერგიანი და ჭიჭიკო ჩართოლანი.

გისტოლა - 4859 მეტრი

მდებარეობს სვანეთის კავკასიონზე, საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. ახასიათებს ნივალური ლანდშაფტი. 1886 წელს გისტოლაზე პირველად ავიდნენ ინგლისელი ალპინისტები: დონკინი და დენტი, შვეიცარიელ მეგზურებთან ბურგენერთან და ანდენმატენთან ერთად. მწვერვალი გისტოლა კავკასიონის მთავარი ქედის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და გეომეტრიულად სრულყოფილი მწვერვალია. სხვა მიმდებარე დაკბილული მწვერვალებისგან განსხვავებით, გისტოლა გამოირჩევა თითქმის იდეალური, სიმეტრიული პირამიდის ფორმით, რაც განსაკუთრებით კარგად ჩანს სვანეთის მხრიდან. მწვერვალი მუდმივად დაფარულია სქელი ყინულოვანი მასით, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რეგიონის ჰიდროლოგიურ რეჟიმსა და ლანდშაფტის ფორმირებაზე.

← მთავარი