ქვეყნის მასშტაბით, 4 რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა იგეგმება – განკარგულება
ქვეყანაში რამდენიმე ადგილას არასახიფათო ნარჩენების განთავსების რეგიონული ობიექტების (ნაგავსაყრელის) მშენებლობის/მოწყობა იგეგმება. ივანიშვილის მთავრობის 23 ივნისის განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, რეგიონული ნაგავსაყრელები საპროექტო ზონიერების დაცვით უნდა მოეწყოს საქართველოს შემდეგ რეგიონებში: კახეთი; შიდა ქართლი – მცხეთა-მთიანეთი; იმერეთი – რაჭა-ლეჩხუმი – ქვემო სვანეთი; სამცხე-ჯავახეთი.
განკარგულების მიხედვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს რეგიონული დაგეგმვის პრინციპების დაცვით შერჩეულ საქართველოს ცალკეულ მუნიციპალიტეტებში ახალი და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი არასახიფათო ნარჩენების განთავსების რეგიონული ობიექტების (ნაგავსაყრელის) მშენებლობისთვის/მოწყობისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება.
ასევე, შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით, 4 რეგიონული ობიექტისა და თანმხლები ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების კომპლექსის მშენებლობისთვის/ მოწყობისთვის აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება 2030 წლის 1 იანვრამდე უნდა უზრუნველყოს.