← მთავარი
სამართალი

4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით ძებნილი პირი დავაკავეთ - სუსი

10 ივლისი, 2026 · წყარო: tabula.ge
4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით ძებნილი პირი დავაკავეთ - სუსი

დღეს, 4 ოქტომბრის საქმეთან დაკავშირებით სუს-ში ბრიფინგი გაიმართა. დააკავეს ძებნილი საქართველოს მოქალაქე, ბექა ჭულუხაძე, რომელსაც უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, შეძენილი ჰქონდა საბრძოლო მასალა, “რომლითაც 4 ოქტომბრის არეულობის ორგანიზატორებს საჭიროების შემთხვევაში დივერსია უნდა მოეწყოთ.”

სუს-ის მტკიცებით, ამოღებულია საბრძოლო მასალა, რომელიც 4 ოქტომბერს უნდა გამოყენებულიყო.

“სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპლექსურად ჩატარებული სპეციალური ღონისძიების შედეგად, რომელიც ბოლო 4 დღის განმავლობაში სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ჩართულობით მზადდება, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს შორის, ნეიტრალურ ზონაში დააკავეს ძებნილი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ბრალად ედება 2025 წლის 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების პარალელურად, დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 4 ოქტომბერს სუს-ის თანამშრომლებმა თბილისის მახლობლად, ტყის მასივში, სპეციალურ სამალავში აღმოაჩინეს გადამალული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით.

გამოძიებით დადგენილია, რომ უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით, დაკავებულს შეძენილი ჰქონდა ზემოთხსენებული საბრძოლო მასალა, რომლითაც 4 ოქტომბრის არეულობის ორგანიზატორებს საჭიროების შემთხვევაში დივერსია უნდა მოეწყოთ.

როგორც გახსოვთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად გასული წლის 4 ოქტომბერს ასევე მოხერხდა იმ პირთა წრის განეიტრალებაც, რომლებსაც, სავარაუდოდ, აღნიშნული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადაეტანათ, დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, გასული წლის 6 ოქტომბერს დაუსწრებლად წარედგინა. მეორე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა, ხოლო 8 ოქტომბერს პროკურორის დადგენილების საფუძველზე, მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

გარდა აღნიშნული კვალიფიკაციისა, გამოძიება მუშაობს დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებაზე, დივერსიული აქტის თუ საზღვრის უკანონო კვეთის მომზადების მიმართულებით. ასევე, გამოძიება მუშაობს დაკავებული პირისა და მისთვის დანაშაულებრივი დავალებების მიმცემი პირების კონტაქტების დადგენაზე, ბაჩანა ახალაიასთან, პაატა ბურჭულაძესთან და 2025 წლის 4 ოქტომბრის დანაშაულის ორგანიზებაში ჩართულ სხვა პირებთან.” - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

5 ოქტომბერს გამართული ბრიფინგის მიხედვით, სუს-მა აღმოაჩინა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით.

უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები 4 ოქტომბრის აქციას უკავშირდება. მათივე ცნობით, აღნიშნული საბრძოლო მასალის გამოყენებით, თბილისში 4 ოქტომბერს “დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტები უნდა განხორციელებულიყო”.

4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე შეკრება მოქალაქეებმა 16:00 საათიდან დაიწყეს. 18:00 საათზე, პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე მისი განცხადებით, “ეროვნული კრების დეკლარაცია” წაიკითხა და თქვა, რომ “ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს”.

ამის შემდეგ მოქალაქეებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა და მოუწოდა, ათონელის რეზიდენციისკენ წასულიყვნენ - “მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა ვიკრიბებით ბარათაშვილის პარკისკენ და ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება” - თქვა მან.

მოქალაქეთა ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში ჯებირები მოარღვია, გდდ-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა და ათონელის სასახლის ეზო დაატოვებინა.

მომიტინგეთა ნაწილი ათონელის ქუჩაზე დარჩა, ნაწილი რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე. გდდ-მ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი და გაზი, ასევე წყლის ჭავლი.

ცოტა ხანში ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ “თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით” გამოძიება სსკ-ს 4 მუხლით: 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე დაიწყო.

რამდენიმე საათში გახდა ცნობილი, რომ 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ვაჟა ბერიძე დააკავეს. მომდევნო დღეებში აიყვანეს აქციის მონაწილეებიც. ივანიშვილის პრემიერმა არაერთხელ თქვა, რომ დაკავებულთა რიცხვი “მნიშვნელოვნად გაიზრდება”.

← მთავარი