← მთავარი
სამართალი

4 ოქტომბრის საქმეზე 7 ბრალდებულს 3-წლიანი პირობითი სასჯელით საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება

2 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
4 ოქტომბრის საქმეზე 7 ბრალდებულს 3-წლიანი პირობითი სასჯელით საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება

4 ოქტომბრის საქმეზე 7 ბრალდებულს 3-წლიანი პირობითი მსჯავრით საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება — შეთანხმების გაფორმებისთანავე ისინი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდებიან. ამის შესახებ პროკურორმა ლაშა ცქვიტარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ამ ეტაპზე ეს 7 პირი მათ მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებას აღიარებს და ინანიებს. სახელმწიფო ბრალდებამ მათთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე თანხმობა გამოხატა. შვიდივე ბრალდებულს 3-წლიანი პირობითი მსჯავრით საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება და უახლოეს პერიოდში ეს ადამიანები სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდებიან,” — განაცხადა პროკურორმა.

საპროცესო შეთანხმება გააფორმეს: ალექსანდრე ხაბეიშვილმა, ბექა ქელეხსაშვილმა, გიორგი მუმლაძემ, მამუკა ლაბუჩიძემ, გურიელ ქარდავმა, ავთანდილ სურმანიძემ და თემურ ქურციკიძემ.

შეგახსენებთ, 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად მიჩნეული 10 პირი — მათ შორის პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და სხვები — სასამართლომ უკვე დამნაშავედ ცნო. ისინი სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ მოწოდების ბრალდებით გაასამართლეს. ბურჭულაძეს, ზოდელავას, ნადირაძეს, მანჯგალაძეს და ბერიძეს 7-7 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ, ხოლო მჭედლიშვილს, ჩხვირკიას, ჟვანიასა და გვენცაძეს — 5-5 წელი.

← მთავარი