2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს შრომის ბაზარმა პარადოქსული სტატისტიკა გამოაჩინა: ერთდროულად შემცირდა როგორც დასაქმებულთა, ასევე უმუშევართა რაოდენობა. ეს გაუმჯობესება კი არ არის — ეს ადამიანების შრომის ბაზრიდან გასვლაა.
ILO-ს მეთოდოლოგიით, რომლითაც საქსტატი სარგებლობს, უმუშევრად ითვლება მხოლოდ ის, ვინც 15 წელს გადაცილებულია, ბოლო 7 დღეში სამსახური არ ჰქოვდა, ბოლო 4 კვირაში აქტიურად ეძებდა და 2 კვირაში მუშაობის დაწყება შეეძლო. ვინც ძებნა მიატოვა — სტატისტიკიდან ქრება.
15 წელს გადაცილებული მოსახლეობა 3 მილიონია. მათგან სამუშაო ძალა (დასაქმებული + უმუშევარი) 1,6 მლნ-ია, 1,4 მლნ კი სამუშაო ძალის გარეთ რჩება — სწავლის, ასაკის, ჯანმრთელობის, იმედგაცრუების ან სხვა მიზეზით. სამუშაო ძალიდან 1,37 მლნ დასაქმებულია, 230 ათასი — უმუშევარი.
2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15 წელს გადაცილებული მოსახლეობა 13 ათასით გაიზარდა, მაგრამ სამუშაო ძალა 34 ათასით შემცირდა. დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 25 ათასით შემცირდა — დაქირავებით დასაქმებული 37 ათასით დაეცა, ხოლო თვითდასაქმებული 10 ათასით გაიზარდა.
უმუშევართა რაოდენობა 9 ათასით, 230 ათასამდე, შემცირდა — მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები სამუშაო ძალის გარეთ გავიდნენ. სამუშაო ძალის გარეთ მყოფი მოსახლეობა 47 ათასით გაიზარდა.
უმუშევრობის დონე ტექნიკურად 14,7%-დან 14,3%-მდე შემცირდა — მაგრამ ეს ტექნიკური კლებაა, რომელსაც დასაქმების ზრდასთან საერთო არაფერი აქვს. სამუშაო ძალის მონაწილეობა 54,8%-დან 53,4%-მდე ჩამოვიდა, დასაქმების დონე კი — 46,8%-დან 45,7%-მდე.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, კლება სოციალურად დაუცველებისთვის შექმნილი ფიქციური სამუშაო ადგილების გაუქმებით აიხსნება — 29 000 ერთეულის ლიკვიდაციით. ეს პროგრამა 2022 წელს, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს ამოქმედდა. სოციალურად დაუცველები მინიმალური ანაზღაურების სანაცვლოდ ფიქციურად დასაქმდნენ. გადასახადის გადამხდელებს ოთხ წელიწადში 350 მლნ ლარზე მეტი დაუჯდა.

თუ კობახიძის ახსნა ზუსტია, გამოდის, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა რეალური რაოდენობა 4 ათასით გაიზარდა — 9,1%-იანი ეკონომიკური ზრდისთვის ძალიან მოკრძალებული მაჩვენებელი. გარდა ამისა, 2025 წელს, სანამ პროგრამა ჯერ კიდევ მოქმედებდა, კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა მაინც 25 ათასით შემცირდა.
საჯარო სექტორი კი 2012 წლის 287 ათასიდან 2025 წლისთვის 335 ათასამდე გაიზარდა. 29 ათასის გამოკლებითაც კი, 306 ათასი ბოლო 16 წლის ისტორიული მაქსიმუმი იქნება.
სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე მიზეზს არაინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდასა და მასობრივ ემიგრაციაში ხედავს.

„უმუშევრობა მცირდება არა მხოლოდ სამუშაო ადგილების შექმნით, არამედ უმუშევართა ქვეყნიდან გასვლის გზით”, — განაცხადა გოცირიძემ. მისი შეფასებით, ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში 1 მილიონზე მეტი ქართველი გაემგზავრა. 700 ათასი დაბრუნდა, 315 ათასი — კახეთის მოსახლეობაზე მეტი — ემიგრანტად დარჩა.
2020-2025 წლებში 23 ათასმა ბავშვმა ემიგრაციის გამო სკოლა მიატოვა. 2013 წელს 60 ათასი ბავშვი დაიბადა, 2025 წელს — მხოლოდ 37 ათასი. „კლებულობს სამუშაო ძალა, იცლება ქვეყანა ენერგიული ადამიანებისგან, იზრდება პენსიონერთა წილი.”
გოცირიძე მაღალ ეკონომიკური ზრდასაც ეჭვქვეშ აყენებს: „ზრდა სპეციფიკურია, ნაწილობრივ ფიქციაა.” მისი თქმით, ზრდა ძირითადად IT სექტორს ეყრდნობა — სადაც 20 ათასზე მეტი, ძირითადად რუსი, მოქალაქე მუშაობს — და ყულევის ტერმინალის გავლით რუსული ნავთობის ექსპორტს, რომელიც ფაქტობრივად სანქციების გვერდის ავლაა. „ეს ზრდა მოქალაქის კეთილდღეობაზე ვერ აისახება.”
2025 წელს ნომინალური საშუალო ხელფასი 2 283 ლარია; ხელზე ასაღები — 1 790-1 826 ლარი. ყველაზე დაბალია განათლებაში (1 233 ლარი 2024-ში), სოფლის მეურნეობაში (1 282 ლარი) და რეგიონებში: რაჭა-ლეჩხუმში — 978 ლარი, სამცხე-ჯავახეთში — 1 226 ლარი.
„დაბალი ხელფასი პრობლემის შედეგია, არა მიზეზი”, — ამბობს გოცირიძე. „შრომის ბაზარზე მოთხოვნა თუ გაიზრდება, გაიზრდება ანაზღაურებაც.” სწორედ დაბალი ხელფასები და უმუშევრობა კვებავს მაღალ ემიგრაციას — ადამიანები ვალს იღებენ, ახლობლებს ტოვებენ და ევროპაში მძიმე პირობებზე თანხმდებიან, რადგან სხვა გამოსავალი არ ჩანს.