2008 წლის ომით დასავლეთმა სისხლის წყურვილი ვერ დაიკმაყოფილა – მედვედევი
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და პარტია “ერთიანი რუსეთის” თავმჯდომარემ, დმიტრი მედვედევმა პეტერბურგის საერთაშორისო იურიდიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს 2008 წლის აგვისტოს ომზე ილაპარაკა.
მედვედევი კვლავ ირწმუნება, რომ საქართველომ აგრესიული ქმედებები ჩაიდინა, რუსეთმა კი სამშვიდობო ოპერაცია ჩაატარა. მისი თქმით, მაშინ შედგა “ცუდი მშვიდობა”. როგორც მედვედევი ირწმუნება, დასავლეთმა “სისხლის წყურვილი ვერ დაიკმაყოფილა” და შეცდომებზე ისწავლა.
“2008 წლის აგვისტოში საქართველომ ჩაიდინა აგრესია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა მაშინ ჩაატარეს სამშვიდობო ოპერაცია. სისხლის ღვრა შეჩერებულ იქნა. უნდა ვაღიაროთ, რომ ევროპა და აშშ მაშინ კეთილგონივრულად არ ჩაერივნენ კონფლიქტში და ჩვენ შევთანხმდით ცუდ მშვიდობაზე, როგორც ამას ეძახიან. თუმცა, სამწუხაროდ, მეორე მხრივ, საკუთარი სისხლის წყურვილი ვერ დაიკმაყოფილეს, საკუთარი შეცდომები კი გაითვალისწინეს.” - თქვა მედვედევმა.
ამ სიტყვებამდე მედვედევი ირწმუნებოდა, რომ დასავლეთი საქართველოსა და უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ტარანად იყენებდა.
“იმ პერიოდში ჩვენს ქვეყანასთან პარტნიორობისკენ მისწრაფების ლამაზი სიტყვების საფარქვეშ NATO რეალურად ძალიან მოახლოვდა ჩვენს საზღვრებს. ალიანსი ტარანად იყენებდა მარიონეტულ რეჟიმებს. ასე იყო საქართველოს შემთხვევაში, ასე დაემართა უკრაინას, რომელიც 2014 წელს რუსოფობიის კერად გადაიქცა. სამწუხაროდ, ახლა ეს ხდება მოლდოვისა და, სამწუხაროდ, სომხეთის შემთხვევებში.” - თქვა მედვედევმა.