უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეორე ტურისთვის სათამაშო შემადგენლობა დაასახელა.
საქართველო 2 ივლისს 20:30 საათზე, “ავჭალაზე” მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს სამხრეთ აფრიკას შეერკინება. პირველ ტურში აფრიკელებმა ურუგვაის 104:7 სძლიეს, ჩვენი გუნდი კი უელსს ერთი ქულით - 24:25 ჩამორჩა და ორი საცხრილო ქულა (მცირე სხვაობისთვის და 4 ლელოს გატანისთვის) ჩაიწერა.
განვლილი თამაშის შემდეგ 23-კაციან განაცხადში რამდენიმე ცვლილებაა. შეიცვალა ორივე ბურჯი და თამაშს ლუკა იასეშვილი და ლევან ეზიეშვილი იწყებენ, კვაჭის პოზიციაზე კი კვლავ გიორგი აღნიაშვილს ვიხილავთ. მეორე ხაზში გიორგი მეფარიშვილი გამოჩნდა, რომელიც ნიკოლოზ ჩხორთოლიას შეუწყვილდება. უცვლელია მესამე ხაზი, სადაც დამწყებები გიორგი ზაზაძე, გუნდის კაპიტანი ლუკა ნარსია და მიხეილ შიოშვილი იქნებიან.
ჰავბეკის პოზიციაზე მარქაფიდან დაწინაურდა დაჩი წიკლაური, რომელიც მათე მახარაძეს შეუწყვილდება. ცენტრში ადგილი დავით ბარბაქაძემ შეინარჩუნა, დათა ახვლედიანი კი მარქაფიდან დაწინაურდა. ცენტრიდან ფრთაზე გადაინაცვლა ლეონიდე სალდაძემ, მეორე ფრთაზე და ფულბეკად კი კვლავ ლუკა ტაბატაძეს და ნიკოლოზ ხალვაშს ვიხილავთ.
მარქაფაში ადგილი შეინარჩუნეს კვაჭმა დავით არჩვაძემ, ბურჯმა ნიკოლოზ ბალანჩივაძემ, მეორეხაზელმა ანდრია ბილანიშვილმა და მესამეხაზელმა ირაკლი ყოლბაიამ. მარქაფაში გადაინაცვლა თემურ ძოძუაშვილმა, რომელიც როგორც ჰავბეკის, ასევე მგეზავის პოზიციას ფარავს. მიმდინარე ჩემპიონატში პირველად ითამაშებენ ბურჯი საბა ნოზაძე და ხაზის მოთამაშეები - დემეტრე დევდარიანი და დათა არობელიძე. მათ გარდა მიმდინარე ჩემპიონატზე პირველ თამაშს ჩაატარებენ ლუკა იასეშვილი და გიორგი მეფარიშვილი.
შეგახსენებთ, მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას ჩვენი 20-წლამდელები წელს მეოთხედ შეხვდებიან. წინა სამი თამაში “ჯუნიორ ბოკეს” გამარჯვებით დასრულდა - ორჯერ თებერვალში საქართველოში და ერთხელ მაისში, სამხრეთ აფრიკაში.
2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატი
ჯგუფური ეტაპი. ა ჯგუფი. II ტური. 2 ივლისი
თბილისი (საქართველო). “ავჭალა”. 20:30 საათი
საქართველო - სამხრეთ აფრიკა
საქართველო
ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში, 14. ლუკა ტაბატაძე, 13. დათა ახვლედიანი, 12. დავით ბარბაქაძე, 11. ლეონიდე სალდაძე, 10. მათე მახარაძე, 9. დაჩი წიკლაური;
შერკინება: 1. ლუკა იასეშვილი, 2. გიორგი აღნიაშვილი, 3. ლევან ეზიეშვილი, 4. გიორგი მეფარიშვილი, 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 6. გიორგი ზაზაძე, 7. ლუკა ნარსია (კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი.
მარქაფა: 16. დავით არჩვაძე, 17. ნიკოლოზ ბალანჩივაძე, 18. საბა ნოზაძე, 19. ანდრია ბილანიშვილი, 20. ირაკლი ყოლბაია; 21. თემურ ძოძუაშვილი, 22. დემეტრე დევდარიანი, 23. დათა არობელიძე.
Rugby.ge
თეგები:
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები
სამხრეთ აფრიკის 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები
გაზიარება:
(0) /
(0)