უმცროსი ბორჯღალოსნები დღეს ნაშუადღევს ქუთაისში გაემგზავრნენ, სადაც 2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასკვნით ორ თამაშს გამართავენ.
„აია არენაზე“ ვიტო კოლელიშვილის შეგირდები პირველ თამაშს 13 ივლისს, 18 საათზე იტალიასთან გამართავენ. გამარჯვებული გუნდი მე-9 ადგილისთვის ირლანდიასა და ფიჯის შორის გამარჯვებულს ამავე სტადიონზე, 18 ივლისს 20:30 საათზე შეერკინება, დამარცხებული კი ზემოთნახსენებ წყვილს შორის წაგებულს 18 საათზე მე-11 ადგილისთვის დაუპირისპირდება.
განვლილი გზა
საქართველომ მიმდინარე ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. პირველ ტურში ის „ავჭალაზე“ უელსს მხოლოდ ერთი ქულით, 24:25 ჩამორჩა, მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას 5:33, ურუგვაის კი ბონუსით, 56:3 სძლია და ჯგუფური ეტაპი 7 ქულით დაასრულა.
იტალიამ ჯგუფურ ეტაპზე „აია არენაზე“ ითამაშა და პირველ ტურში შოტლანდიასთან 32:38 დამარცხდა, მერე იაპონიას 41:25 აჯობა, ბოლოს კი ახალ ზელანდიასთან ვერაფერი გახდა 15:45 და ბ ჯგუფი ასევე 7 ქულით, მესამე ადგილზე დაასრულა.
ჩვენ და იტალია
მას შემდეგ, რაც უმცროსი ბორჯღალოსნები ახალგაზრდულ ჩემპიონატზე აღზევდნენ (2016 წლიდან), იტალიელებს 6-ჯერ შეხვდნენ და ოთხ მატჩში გამარჯვება მოიპოვეს, ერთხელ ფრეს დასჯერდნენ, ერთხელ კი მეტოქემ იმარჯვა. ექვსი მატჩის ჯამში, ჩვენმა გუნდმა იტალიას 136 ქულა (20 ლელო, 12 გარდასახვა, 4 ჯარიმა) გაუტანა, თავად კი 112 ქულა (14 ლელო, 12 გარდასახვა, 6 ჯარიმა) გაუშვა.
აღსანიშნავია, რომ საქართველომ სადებიუტო, 2016 წლის მსოფლიო თასზე, 12 საუკეთესო გუნდს შორის ადგილი სწორედ იტალიის ძლევით შეინარჩუნა - მე-9 ადგილის ნახევარფინალში 18:17. 2019 წელს იტალიელებმა მე-9 ადგილისთვის მატჩში რევანში აიღეს - 29:17, რასაც საქართველოს ზედიზედ სამი გამარჯვება მოყვა - 2023 წელს 30:17, ხოლო 2024 წელს ზედიზედ ორჯერ: ჯგუფურ ეტაპზე 28:17 და მე-9 ადგილისთვის 24:13.
გუნდებმა ერთმანეთში შარშანაც ითამაშეს. იტალიაში გამართულ ტურნირზე საქართველოს ჯგუფში მეორე ადგილის დასაკავებლად ბონუს-ქულით მოგება სურდა, თუმცა გაწითლებულ დროზე კონტრშეტევაზე ლელო აქეთ მიიღო და საბოლოოდ ფრე 19:19 დაფიქსირდა.
მომავლის ჭრილში
ქართულ-იტალიური სარაგბო დაპირისპირებების ფონზე, ამ გუნდების შეხვედრა მუდამ განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებდა და გამონაკლისი არც 13 ივლისის შეხვედრა იქნება. აღსანიშნავია, რომ 2027 წლის კაცთა მსოფლიო თასზე, საქართველო და იტალია ერთ ჯგუფში არიან. არ არის გამორიცხული, რომ ორივე გუნდის შემადგენლობაში, დღევანდელი 20-წლამდელებიდან რომელიმე მოთამაშე(ები) დაწინაურდნენ და ეს ჯახი ამითაცაა საინტერესო.
პოტენციური მეტოქეები
ამავე დღეს (13 ივლისს), მე-9 ადგილის ნახევარფინალში ირლანდია ფიჯის 20:30 საათზე ერკინება და დასკვნით მატჩში უმცროსი ბორჯღალოსნების მომავალი მეტოქე გაირკვევა. აქამდე ირლანდიას ფიჯი ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე სამჯერ დაუმარცხებია.
ვინ დარჩება ელიტაში ერთი დღით ადრე, 12 ივლისს, „აია არენაზე“ მე-13-მე-16 ადგილების ნახევარფინალები გაიმართება. მართალია ამ გუნდებმა ჯგუფურ ეტაპზე ვერცერთი შეხვედრა მოიგეს, თუმცა ყველა მათგანმა თავი შემტევი და შედეგიანი თამაშით დაგვამახსოვრა, რაც „აია არენაზე“ მისულ ქომაგს საინტერესო ჯახებს ჰპირდება.
18 საათზე იაპონია აშშ-ს ეთამაშება. იაპონელებმა სწრაფი შეტევებით დაგვამახსოვრეს თავი და სამივე შეხვედრაში ბოლომდე იბრძოლეს, აშშ-მ კი თვით ინგლისთან 40 ქულის აღება მოახერხა, ხოლო ირლანდიასთან 22 ქულას მოუყარა თავი. აქამდე ეს გუნდები მხოლოდ ერთხელ, 2008 წლის ჩემპიონატზე შეხვდნენ და მაშინ იაპონიამ დამაჯერებლად გაიმარჯვა.
20:30 საათზე დაიწყება ესპანეთისა და ურუგვაის ჯახი. ესპანელებმა ავსტრალიას ოთხი, ხოლო საფრანგეთს 5 ლელო გაუტანეს და სულაც პირველი ტაიმი მოუგეს. დასკვნით ტურში ისინი ფიჯის ჯგუფში მესამე ადგილისთვის ერკინებოდნენ და მეტოქეს მხოლოდ 3 ქულით, 26:29 ჩამორჩნენ. ურუგვაიმ ჯგუფში სამივე თამაში დიდი სხვაობით დათმო, თუმცა მათ გათვლა სწორედ ბოლო ორ თამაშზე ექნებოდათ და თამაშიც თვალსასეირო იქნება. აქამდე ამ გუნდებს ერთმანეთში არასდროს უთამაშიათ.