უმცროსი ბორჯღალოსნები ხვალ საღამოს საქართველოში მიმდინარე მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას გამართავენ.
20:30 საათზე ვიტო კოლელიშვილის შეგირდები „ავჭალაზე“ ურუგვაის მე-9 ადგილის ნახევარფინალის საგზურისთვის შეერკინებიან. ეს იქნება ჩვენი გუნდის ბოლო მატჩი თბილისში მიმდინარე ახალგაზრდულ ჩემპიონატზე. ამის შემდეგ უმცროსი ბორჯღალოსნები ქუთაისში გადაინაცვლებენ და დარჩენილ ორ თამაშს „აია არენაზე“ გამართავენ, რადგან მე-9-მე-16 ადგილების ფლეი ოფები სწორედ იქ გაიმართება.
შეგახსენებთ, თითოეული ჯგუფის მესამეადგილოსნები მე-9-მე-12 ადგილების ნახევარფინალში (13 ივლისს), ხოლო ჯგუფის ბოლოადგილოსნები მე-13-მე-16 ადგილების ნახევარფინალში (12 ივლისს) გადიან.
ორი ტურის შემდეგ საქართველო 2 ქულით ა ჯგუფში მესამე ადგილზეა, ურუგვაის კი ნული ქულა აქვს. სამხრეთ ამერიკელები პირველ მატჩში სამხრეთ აფრიკასთან 7:104, მეორეში კი უელსთან 0:47 დამარცხდნენ. საქართველო პირველ მატჩში უელსს მხოლოდ ქულით ჩამორჩა - 24:25 და ორი ბონუს ქულა აიღო (მცირე სხვაობისთვის და 4 ლელოს გატანისთვის), ხოლო 2 ივლისს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას დიდი ბრძოლა გაუმართა და ერთი ხანობა გატანილი ლელოთი ლიდერობდა, თუმცა საბოლოოდ მეტოქეს 5:33 ჩამორჩა.
„ჯუნიორ ბოკესთან“ მძიმე მატჩის შემდეგ, უმცროსი ბორჯღალოსნების სასტარტო შემადგენლობაში შვიდი ცვლილებაა - ორი ხაზში და ხუთი შერკინებაში.
განვლილი შეხვედრის შემდეგ, მორკინალებიდან დამწყებთა შორის ადგილი შეინარჩუნეს გუნდის კაპიტანმა, მესამეხაზელმა ლუკა ნარსიამ, ასევე მესამეხაზელმა მიხეილ შიოშვილმა და მეორეხაზელმა გიორგი მეფარიშვილმა. აფრიკელებთან მარქაფიდან ითამაშეს და ახლა დამწყებთა შორის არიან ბურჯი ნიკოლოზ ბალანჩივაძე, კვაჭი დავით არჩვაძე, მეორეხაზელი ანდრია ბილანიშვილი და მესამეხაზელიირაკლი ყოლბაია, ხოლო მარჯვენა ბურჯი გაბრიელ რაზმაძე, განაცხადში უელსთან მატჩის შემდეგ ბრუნდება.
ლუკა ნარსია და მიხეილ შიოშვილი წლევანდელ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ზედიზედ მესამე თამაშს იწყებენ. დამწყებთა შორის პირველად არიან ნიკოლოზ ბალანჩივაძე, დავით არჩვაძე, ანდრია ბილანიშვილი და ირაკლი ყოლბაია.
ახალგაზრდულ ჩემპიონატზე პირველ მატჩს ატარებს ფრთა საბა ნატროშვილი, ხოლო ჰავბეკად თემურ ძოძუაშვილი ბრუნდება. მოედანზე ამჯერადაც პირველივე წუთებიდან გავლენ მგეზავი მათე მახარაძე, ცენტრები დავით ბარბაქაძე და დათა ახვლედიანი, ფრთა ლუკა ტაბატაძე და ფულბეკი ნიკოლოზ ხალვაში. ტურნირის ზედიზედ მესამე თამაშს იწყებენ მათე მახარაძე, ლუკა ტაბატაძე, ნიკოლოზ ხალვაში და დავით ბარბაქაძე.
წინა თამაშის შემდეგ მარქაფაში გადაინაცვლეს კვაჭმა გიორგი აღნიაშვილმა და მეორეხაზელმა ნიკოლოზ ჩხორთოლიამ. კვლავ შეცვლაზე არიან ბურჯი საბა ნოზაძე და ხაზის მოთამაშეები - დათა არობელიძე და დემეტრე დევდარიანი. განაცხადში დაბრუნდნენ ბურჯი გიორგი ტურაშვილი, რომელიც უელსთან დამწყებთა შორის იყო და მესამეხაზელი გიორგი არძენაძე, ხოლო ჰავბექი გიორგი ხონელიძე ახალგაზრდული ჩემპიონატის 23-კაციან განაცხადში პირველადაა.
2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატი
ჯგუფური ეტაპი. ა ჯგუფი. III ტური. 7 ივლისი
თბილისი (საქართველო). “ავჭალა”. 20:30 საათი
საქართველო - ურუგვაი
საქართველო
ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში, 14. ლუკა ტაბატაძე, 13. დათა ახვლედიანი, 12. დავით ბარბაქაძე, 11. საბა ნატროშვილი, 10. მათე მახარაძე, 9. თემურ ძოძუაშვილი;
შერკინება: 1. ნიკოლოზ ბალანჩივაძე, 2. დავით არჩვაძე, 3. გაბრიელ რაზმაძე, 4. გიორგი მეფარიშვილი, 5. ანდრია ბილანიშვილი, 6. ირაკლი ყოლბაია, 7. ლუკა ნარსია (კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი.
მარქაფა: 16. გიორგი აღნიაშვილი, 17. გიორგი ტურაშვილი, 18. საბა ნოზაძე, 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 20. გიორგი არძენაძე; 21. გიორგი ხონელიძე, 22. დემეტრე დევდარიანი, 23. დათა არობელიძე.