1 500-ზე მეტი ყალბი ანგარიში გამოიყენეს იმედის პოსტზე მოწონებების გასაზრდელად - ISFED
ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები განცხადებას ავრცელებს, რომელიც 26 მაისს დასანქცირებული TV იმედის მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონებების გასაზრდელად ტროლებისა და ბოტების გამოყენებას შეეხება.
გთავაზობთ მონიტორინგის შედეგებს უცვლელად:
2026 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული პროპაგანდისტული მედიასაშუალება იმედის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა ქარდი წარწერით “საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წელი”, რომელზეც, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებთან - მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიასთან ერთად, პოლიტიკური პარტია ქართული ოცნების დამფუძნებელი და მისი საპატიო თავმჯდომარე - ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული.
მოცემულ პოსტში ივანიშვილის გამოსახვას სოციალური მედიის მომხმარებელ მოქალაქეებში ძირითადად უარყოფითი ინტერაქცია, მათ შორის კრიტიკული და სარკასტული კომენტარები და სიცილის რეაქციები, მოჰყვა. მოგვიანებით პოსტის რეაქციებს შორის თანაფარდობა მნიშვნელოვნად შეიცვალა და მყისიერად გაიზარდა მოწონებების რიცხვი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნულ პოსტზე ინტერაქცია მასშტაბურად და კოორდინირებულად იყო ხელოვნურად გაზრდილი.
მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა იმედის მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად. ანგარიშების შესწავლამ აჩვენა, რომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ერთმანეთთან დაკავშირებული ნიშნებით გამოირჩევა. პროფილები ხშირად შექმნილია ერთსა და იმავე დღეს ან დროის მცირე ინტერვალში, იყენებენ მსგავსი ტიპის ვიზუალურ მასალას, იწერენ იდენტურ გვერდებს, აზიარებენ ერთსა და იმავე პოსტებს და ავლენენ კოორდინირებული ქცევის სხვა მახასიათებლებს. გამოვლენილი გარემოებების შედეგად იკვეთება, რომ ეს ქსელები ქმნიან ყალბი ანგარიშების უფრო ფართო ქსელს ქართული ოცნების სასარგებლოდ, რომლის მიზანიც სოციალური მედიის პლატფორმაზე პოპულარობისა და მხარდაჭერის შთაბეჭდილების ხელოვნურად შექმნაა.
- ანგარიშების შექმნის სინქრონული მოდელი
მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილ ყალბ პროფილებს შორის ხშირია შემთხვევები, როდესაც ათეულობით ანგარიში შექმნილია ერთსა და იმავე დღეს ან ერთმანეთისგან რამდენიმე დღის შუალედში. მაგალითად, 2024 წლის 22 იანვარს შექმნილია 99 ყალბი ანგარიში, იმავე წლის 19-23 აპრილის პერიოდში - 250 ყალბი ანგარიში, 2026 წლის 18-24 მაისის კვირის განმავლობაში - 67 ყალბი ანგარიში და ა.შ. მსგავსი პრაქტიკა ხშირად გამოიყენება კოორდინირებული საინფორმაციო ოპერაციების დროს, როდესაც ქსელის ოპერატორები მოკლე პერიოდში დიდი რაოდენობით ანგარიშებს ქმნიან და შემდეგ მათ სხვადასხვა აქტივობაში რთავენ. ბუნებრივი მომხმარებლებისგან განსხვავებით, რომლებიც სოციალურ ქსელში სხვადასხვა დროს ერთვებიან, აღნიშნული ანგარიშები წარმოშობის თვალსაზრისით მკვეთრად ჰომოგენურ სურათს ქმნიან, რაც მათი კოორდინირებული მართვის დამატებითი ნიშანია.
- მოპარული, არაავთენტური ფოტოების გამოყენება
მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა მრავალი შემთხვევა, როდესაც პროფილები იყენებდნენ სხვა ადამიანების ფოტოებს, რომლებიც სხვადასხვა ონლაინ წყაროდან იყო აღებული.
ყალბი ანგარიში Giviko Goglichidze იპარავს თურქი სპორტსმენის - ილჰან მერთ ბოზატლის ფოტოს:
- ერთი და იმავე ფოტოების მრავალჯერადი გამოყენება
გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა დროს შექმნილი და ერთმანეთისგან განსხვავებული სახელებით მოქმედი ანგარიშები ერთსა და იმავე პროფილის ფოტოს იყენებდნენ. ასეთი პრაქტიკა მიუთითებს, რომ ანგარიშების ქსელები შესაძლოა, ერთი წყაროდან იმართებოდნენ ან ერთიანი ბაზიდან შერჩეულ ვიზუალურ მასალას იყენებდნენ.
- ხელოვნური ინტელექტით გენერირებული პროფილები
ყალბი ფეისბუქანგარიშების ნაწილში გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ გენერირებული გამოსახულებები. ასეთ ფოტოებს ხშირად აქვთ რეალისტური ვიზუალი, თუმცა დეტალური ანალიზისას შეიმჩნევა AI გენერირებული გამოსახულებებისთვის დამახასიათებელი ნიშნები. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებმა მნიშვნელოვნად გააიოლა ყალბი პროფილების შექმნა. კერძოდ, თუ ადრე ქსელების ოპერატორები იძულებული იყვნენ რეალური ადამიანების ფოტოები მოეპარათ, დღეს მათ შეუძლიათ, რამდენიმე წამში შექმნან არარსებული ადამიანის გამოსახულება, რაც მათი იდენტიფიცირების პროცესს ართულებს.
- შეცვლილი სახელები
სამართლიანი არჩევნების მიერ იდენტიფიცირებული ზოგიერთი ყალბი ფეისბუქანგარიშის რესურსის უნიფიცირებული ლოკატორის (URL) მომხმარებლის სახელში (Username) პროფილის მიმდინარე სახელისგან განსხვავებული სახელი ფიგურირებს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ეს პროფილები სხვა სახელითა და გვარით შეიქმნა, რაც მოგვიანებით სხვა გამოგონილი სახელითა და გვარით ჩანაცვლდა.
- კავშირები სხვა გვერდებთან
ყალბი ანგარიშების ნაწილი, სავარაუდოდ, დაკავშირებულია ცალკეულ ფეისბუქგვერდებთან, რომლებსაც ისინი მასობრივად იწერენ. მათ შორის აღსანიშნავია ფეისბუქგვერდი AI Consulting Space, რომელიც 2022-2023 წლებში და 2025 წელს შექმნილი 300-ზე მეტი ყალბი პროფილის მიერ არის გამოწერილი.
2024 წელს ამოქმედებული ყალბი ფეისბუქპროფილების ძირითადი ნაწილი დაკავშირებულია ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პოლიტიკური მოძრაობის, ერთიანი ნეიტრალური საქართველოს, ერთ-ერთ ლიდერთან - ვატო შაქარიშვილთან კავშირში მყოფ ფეისბუქგვერდთან არ აგარევინებთ, ასევე, ქართული ოცნების ღია მხარდამჭერის - გია გაჩეჩილაძის (უცნობი) კუთვნილ გვერდებთან - აი მსოფლიო ამბები, აი პოლიტიკა და i ucnobi • აი უცნობი. სხვა გვერდებს შორის, რომლებსაც სხვადასხვა პერიოდში შექმნილი ყალბი ანგარიშების მნიშვნელოვანი ნაწილი იწერს, აღსანიშნავია Qvevri • ქვევრი, მხარე • mkhare.ge, აგრეთვე, ქართული ოცნების პოლიტიკოსების, მამუკა მდინარაძისა და ირაკლი ჩიქოვანის ოფიციალური ფეისბუქგვერდები და სხვა.
- კომერციული დანიშნულების შეთავსება
მონიტორინგმა აჩვენა, რომ ყალბი ანგარიშების ნაწილი მხოლოდ პოლიტიკური შინაარსის კონტენტთან ურთიერთქმედებით არ შემოიფარგლება. ისინი, ასევე, გამოიყენება სხვადასხვა კომპანიის პროდუქციისა და მომსახურების პოპულარიზაციისთვის, მათ შორის ყალბი მიმოხილვებისა და შეფასებების დასაწერად. ეს გარემოება მიუთითებს, რომ გამოვლენილი ქსელების ნაწილი შესაძლოა, მრავალფუნქციური იყოს და მათ მიერ მიწოდებული სერვისი სხვადასხვა მიზანს ემსახურებოდეს - მათ შორის პოლიტიკური ნარატივების გაძლიერებას, საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციასა და კომერციული სარგებლის მიღებას.