← მთავარი
სამართალი

ვაშლიჯვარში 15 წლის მოზარდის დაჭრის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

10 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge
ვაშლიჯვარში 15 წლის მოზარდის დაჭრის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

ვაშლიჯვარში 15 წლის მოზარდი ცივი იარაღით დაჭრეს. ის მრავლობითი ჭრილობებით კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. “ტვ პირველის” ინფორმაციით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

მათი ცნობით, შემთხვევა ეზოში ბავშვების ხმაურის გამო დაწყებულ დაპირისპირებას მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, 26 წლის მეზობელმა კაცმა არასრულწლოვანს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი სახლიდან დანა გამოიტანა და მას რამდენჯერმე, სავარაუდოდ ხუთჯერ, დაარტყა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი, რომელმაც მოზარდს ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კაცმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.

“სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის სავარაუდო იარაღი, დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, — წერს შსს.

← მთავარი