11 წლის ბიჭმა მშობლების ავტომობილი წაიყვანა, მართვაზე კონტროლი დაკარგა და ბუდისტი ბერების ჯგუფს გადაუარა - დაღუპულია 9 ბერი: ტრაგედია ტაილანდში
ცხრა ბუდისტი ბერი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა მას შემდეგ, რაც მსვლელობის დროს, მათ 11 წლის ბიჭმა მშობლების ავტომობილით გადაუარა. ტრაგედია ჩრდილო-აღმოსავლეთ ტაილანდში მოხდა.
35 ბერისა და ხუთი საერო მიმდევრისგან შემდგარი ჯგუფი მუკდაჰანის პროვინციაში მსვლელობას აწყობდა.
ინტერნეტში გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს როგორ შევარდება ავტომობილი ამ ჯგუფში, ასევე შემდეგ ჩანს მიმოფანტული ნივთები და დაზიანებული ავტომობილი. პოლიციის ცნობით, ხუთი ბერი ადგილზე, ხოლო ოთხი მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
“ფრანს პრესის” ინფორმაციით, 11 წლის ბიჭმა მშობლების პიკაპი ნებართვის გარეშე წაიყვანა. მან მართვაზე კონტროლი დაკარგა და ბერების ჯგუფს შეეჯახა.
ბრალდებული ბავშვია, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდია, თუმცა დამატებით დეტალები ცნობილი არ არის.
არსებული ცნობებით, დაშავებული ბერებიდან სამის მდგომარეობა კრიტიკულია.