← მთავარი
მსოფლიო

საბერძნეთი ცეცხლის ალყაშია მოქცეული - ძლიერმა ხანძარმა 2 ადამიანი იმსხვერპლა, 12 წლის ბავშვს ამ წუთებშიც ეძებენ

1 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
საბერძნეთი ცეცხლის ალყაშია მოქცეული - ძლიერმა ხანძარმა 2 ადამიანი იმსხვერპლა, 12 წლის ბავშვს ამ წუთებშიც ეძებენ

საბერძნეთის ჩრდილოეთით მძვინვარე ტყის ხანძარმა, რომელიც კონტროლს აღარ ექვემდებარება, უკვე 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სტიქიის გამო მეზობელი სოფლებიდან მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია გახდა საჭირო.

ერთ-ერთი გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი ქალაქ თესალონიკის ჩრდილო-დასავლეთით, ლიტის მახლობლად, გადამწვარ ტერიტორიაზე იპოვეს. მეორე ცხედარი მოგვიანებით ტყესთან ახლოს მდებარე სახლში აღმოაჩინეს, თუმცა მისი იდენტიფიცირება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

შემთხვევის ადგილიდან მაშველებმა დამწვრობებით გადაარჩინეს ქალი, რომლის მდგომარეობაც ამჟამად სტაბილურია. ყველაზე მეტად საზოგადოებას 12 წლის ბავშვის ბედი აშფოთებს, რომელიც დაკარგულად მიიჩნევა. ვარაუდობენ, რომ მოზარდი გარდაცვლილი მამაკაცისა და დაშავებული ქალის შვილია.

5-კილომეტრიანი „ცეცხლის კედელი“

ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში 100-ზე მეტი მეხანძრე, ათობით სახანძრო მანქანა და მინიმუმ 7 თვითმფრინავია ჩართული. მაშველები აცხადებენ, რომ მათ 5 კილომეტრის სიგრძის „ცეცხლის კედელთან“ უწევთ გამკლავება, რომელიც ქარისა და მშრალი ამინდის გამო სწრაფად ვრცელდება.

ცეცხლი ლიტიდან ახლომდებარე სოფელ მელისოხორისკენ მიემართება. ადგილობრივი მედიის ცნობით, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი უკვე დაზიანდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.

საბერძნეთისთვის ეს მიმდინარე დღეებში გაჩენილი მორიგი ხანძარია. ქვეყანაში ტურისტული სეზონის პიკია, თუმცა რეგულარული გვალვები და სიცხის ტალღები ტყის ხანძრებს ყოველწლიურ საშიშროებად აქცევს.

წყარო

იხილეთ ასევე:

ათენში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა - ნანგრევებში მოყოლილია 4 ადამიანი: მაშველები მათ გადასარჩენად მუშაობენ

← მთავარი