"ექიმი ტირილით გამოვიდა და გვითხრა, იძულებული ვარ, ბავშვს ფეხი მოვკვეთოო... თრომბი განუვითარდა თურმე და ვერ გაიგეს" - 10 წლის ბიჭის ოჯახი "გორმედს" უჩივის
10 წლის ბიჭის ოჯახი კლინიკა “გორმედის” ექიმების დასჯას და მათ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვს. მათი თქმით, მედიკოსების გულგრილობის და არასწორად შეფასებული მდგომარეობის გამო, მოზარდს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.
ინფორმაციას “ფორმულა” ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, შემთხვევა სოფელ დიდ გარეჯვარში მოხდა. ბავშვი ველოსიპედით კატაობისას დაშავდა. როგორც “ფორმულას” ბიჭის ახლობლები უყვებიან, ექიმებმა ვერ გაიგეს, რომ ბავშვს თრომბი განუვითარდა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
“ვენები დახეთქილი იყოო, თრომბი განვითარებული ყოფილა და ჩვენ ეს არ ვიცოდით რადგან, ექიმმა ვერ გაიგო, არ გაგვაფრთხილა, თუნდაც რომ შევეშინებინეთ, რომ სასწრაფოდ ჩვენ თვითონ გადაგვეყვანა ბავშვი და სასწრაფოდ მიგვეხედა. 2 საათიანი დაგვიანებით მოვიდა რეანომობილი, მერე სანამ თბილისში ჩავედით, შევედით ინგოროყვას კლინიკაში. მეორე დღეს, 4-საათიანი ლოდინის შემდეგ რომ გვეგონა, რომ აღდგებოდა ფეხი, ექიმი ტირილით გამოვიდა და გვითხრა, რომ იძულებული ვარ ფეხი მოვკვეთოო” - ამბობს ბავშვის ოჯახის წევრი.
ოჯახი საქმეში ჯანდაცვის სამინისტროს ჩართვას ითხოვს.