XVIII ტურით მთავრდება II წრე და ჩემპიონატი გადის ეკვატორზე. ტურის დაწყება კი ემთხვევა ევროთასების წილისყრას. დღეს ჩვენი გუნდები გაიგებენ, ვისთან ექნებათ საქმე საკვალიფიკაციო ეტაპზე. კონტინენტის საკლუბო ტურნირებში მონაწილე ჩვენს ოთხეულს (“იბერია 1999”, “დილა”, “ტორპედო”, “დინამო” თბ) სწორედ ამ პრიზმაში ვუყურებთ - როგორ არიან ისინი მზად წლევანდელი ბატალიებისთვის? მართლა ბატალიები იქნება ეს, თუ კვლავ ვნახავთ იმას, რასაც ბოლო წლებში შევეჩვიეთ. პირდაპირ ვთქვათ - ზემოთ ხსენებული ოთხეულის სადღეისო მდგომარეობა ოპტიმიზმის საფუძველს არ გვაძლევს… მანამდე კი შინაურ ფრონტზე დავრჩეთ და მორიგი ტურის წინასამატჩო სიტუაციებზე ვილაპარაკოთ… “დილა” ახალი მწვრთნელის მოლოდინშია. ისე გამოვიდა, რომ “სპაერთან” საშინაო შეხვედრაში, რომელშიც გორელებს, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, მოგება მართებთ, გუნდს კვლავ დროებით მწვრთნელი, რამაზ სოღოლაშვილი გაუძღვება. მიუხედავად მისი პერსონისადმი ჩვენი დიდი პატივისცემისა, უნდა ვთქვათ - “დილაში” ახლა “წყალი მღვრიეა” და “სპაერს” შეუძლია, ამ წყალში თევზის დაჭერა. ანზორ კიღურაძის გუნდმა უკვე არაერთხელ დაამტკიცა, რომ ნებისმიერ მეტოქესთან ბოლომდე იბრძვის და ხშირად შედეგსაც აღწევს. ფაქტები “დილამ” წააგო ზედიზე 3 მატჩი. “დილას” არ მოუგია ბოლო 3 საშინაო მატჩი. “სპაერს” არ მოუგია ბოლო 2 მატჩი. “სპაერს” არ მოუგია ბოლო 6 გასვლითი მატჩი. “დილამ”, ყველა ტურნირის ჩათვლით, “სპაერს” მოუგო 4-დან 4 მატჩი. “იბერია 1999” კარგ ფორმაში მყოფ “რუსთავს” უმასპინძლებს და არის ალბათობა, ამ მატჩმა ლიდერი შეცვალოს. გია ცეცაძის გუნდს აქვს იმის კვალიფიკაცია, დაამარცხოს (როგორც ეს უკვე გააკეთა პირველ წრეში) მოქმედი ჩემპიონი და ეროვნულ ლიგაში ახალი რეალობა შექმნას. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ადვილი. “იბერია” ბევრ ქულას კარგავს, რაც მოქმედებს გუნდის წინასაევროტურნირო განწყობაზე. ამიტომ, ლიდერი, თავის მხრივ, ყველაფერს გააკეთებს ამ თამაშის მოსაგებად. ფაქტები “იბერიას” არ წაუგია ბოლო 2 მატჩი. “იბერია” ერთადერთი გუნდია მიმდინარე ჩემპიონატში, რომელსაც არ წაუგია საშინაო მატჩი. “იბერიამ” ბოლო 4 საშინაო მატჩში თითო გოლი გაიტანა. “რუსთავმა” მოიგო ზედიზედ 2 მატჩი. “რუსთავს” არ მოუგია ბოლო 5 გასვლითი მატჩი. “რუსთავმა” დამარცხა “იბერია” ჩემპიონატის ბოლო 4-დან 2 დაპირისპირებაში (პლუს თითო ფრე და მარცხი). არასტაბილური “ტორპედო” ქუთაისის “რამაზ შენგელია არენაზე” ბათუმის “დინამოს” ელოდება. ორივე გუნდს ერთი და იგვე პრობლემა აქვს - მოკლე სათადარიგო სკამი, რაც კლავს კონკურენციას. ბათუმელებმა, ამ პირობებშიც კი, ასე თუ ისე, მიაღწიეს სტაბილურობას, ქუთაისელთა უემოციო თამაში კი ბევრ კითხვას ბადებს პოტენციალთან დაკავშირებითაც. მოსალოდნელია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ამ გუნდებში ბევრი ცვლილება მოხდება. კაცმა არ იცის, რას მოიტანს ეს? ბევრი ცვლილება არ არის გაძლიერების გარანტია. აქ მთავარია ახალი ფეხბურთელების ადაპტაცია-შეთამაშების პროცესი. ჩვენ ასე გვესმის - გუნდი უნდა ძლიერდებოდეს სეზონის დაწყების წინ (ამ შემთხვევაში, ეს ბათუმის “დინამოს” არ ეხება ცნობილი მიზეზის გამო), ხოლო შემდეგ ერთ-ორ პოზიციაზე იმატებდეს ფეხბურთელს. ჩვენთან ამ პროცესებში ქაოსი უფრო ბევრი ჩანს, ვიდრე გეგმაზომიერი მუშაობა. შედეგები სახეზე გვაქვს. ფაქტები “ტორპედომ” წააგო ბოლო 2 მატჩი. “ტორპედომ” გაუშვა სულ მცირე ერთი გოლი ბოლო 4 საშინაო მატჩში. ბათუმის “დინამო” ბოლო 8 მატჩში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. ბათუმის “დინამოს” არ მოუგია ბოლო 2 გასვლითი მატჩი. ბათუმის “დინამომ” “ტორპედო” სტუმრად ბოლო 2023 წლის 28 სექტემბერს დაამარცხა (3:0). “მეშახტე” გამოკვეთილი აუტსაიდერი კი არის, მაგრამ წინა მატჩშიც ვნახეთ, რომ ლადო ბურდულის გუნდი თავგანწირვით იბრძვის და წარუმატებლობას არ ურიგდება. ამიტომ, “გაგრას”, რომელიც კარგ ფორმაშია და “კომბლებივით” ერთმანეთზე “აწყობს” თბილისის “დინამოს”, “ტორპედოსა” და “დილას”, მაინც არ უნდა ჰქონდა ილუზია, რომ 3 ქულა ჯიბეში უდევს. შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში ამ გუნდების დაპირისპირება 1:1 დასრულდა. ფაქტები “მეშახტემ” წააგო ზედიზედ 8 მატჩი. “მეშახტეს” არ გაუმარჯვია მას შემდეგ (15 მატჩი), რაც მე-2 ტურში სტუმრად დაამარცხა (1:0) გორის “დილა”. “გაგრამ” მოიგო ზედიზედ 3 მატჩი. “გაგრამ” წააგო ბოლო 4-დან 3 გასვლითი მატჩი. თბილისის “დინამოს” რთული საშინაო მატჩი ელის “სამგურთალთან”, რომელიც თემურ ქეცბაიამ, 25 აპრილს, თავის სადებიუტო შეხვედრაში სტუმრად 2:1 დაამარცხა. მაგრამ მას შემდეგ “სამგურალმა” ვითარება გამოასწორა და ბოლო 3 მატჩში დაამარცხა “იბერია 1999”, “დილა” და “ტორპედო”. ამასობაში, თბილისის “დინამომ” დაკარგა მუხტი, რომელიც მაისში ჰქონდა და მიჯრით რამდენიმე კარგი მატჩი ჩაატარა. და მაინც, ძალიან დიდი სიფრთხილით, წყვილის ფავორიტად ქეცბაიას გუნდი მიგვაჩნია. ფაქტები თბილისის “დინამომ” წააგო ბოლო 3-დან 2 მატჩი. თბილისის “დინამომ” წააგო ბოლო 4 დან 2 საშინაო მატჩი. “სამგურალმა” მოიგო ზედიზედ 3 მატჩი. “სამგურალის” მონაწილეობით ჩატარებულ ბოლო 3 მატჩში 13 გოლი გავიდა. “სამგურალი” დამარცხდა ბოლო 6-დან 5 გასვლით მატჩში. 16 ივნისი, სამშაბათი დილა 20:00 სპაერი გორი. თენგიზ ბურჯანაძე ურთიერთშეხვედრები 1: +1 =0 -0, 1:0 I წრე: 1:0 17 ივნისი, ოთხშაბათი იბერია 1999 19:00 რუსთავი თბილისი. მიხეილ მესხი ურთიერთშეხვედრები 9: +6 =1 -2, 17:10 I წრე: 1:2 ტორპედო 21:00 დინამო (ბთ) ქუთაისი. რამაზ შენგელია ურთიერთშეხვედრები 82: +40 =18 -24, 129:97 I წრე: 3:0 18 ივნისი, ხუთშაბათი მეშახტე 17:30 გაგრა წყალტუბო. 26 მაისი ურთიერთშეხვედრები 1: +0 =1 -0, 1:1 I წრე: 1:1 დინამო (თბ) 20:00 სამგურალი თბილისი. დავით პეტრიაშვილი ურთიერთშეხვედრები 40: +23 =9 -8, 94:35 I წრე: 2:1 თ მ ფ წ ბ ქ 1. იბერია 1999 17 9 4 4 24:15 31 2. რუსთავი 17 8 5 4 20:14 29 3. ტორპედო 17 7 5 5 28:16 26 4. დინამო (თბ) 17 6 7 4 24:17 25 5. სამგურალი 17 7 3 7 22:27 24 6. დინამო (ბთ) 17 6 6 5 24:26 24 7. სპაერი 17 5 6 6 24:22 21 8. დილა 17 6 2 9 15:18 20 9. გაგრა 17 5 5 7 17:23 20 10. მეშახტე 17 1 7 9 11:31 10 ბომბარდირები გ პ კ. ანდრიჩი (ტორპედო) 8 2 კ. სებოლინია (სამგურალი) 6 2 ნ. კალანდარიშვილი (დინამო ბთ) 6 1 ველისოლი (სამგურალი) 6 0