"ბედნიერი ვარ, რომ ისინი ჩვენს ქვეყანაში აღარ დაბრუნდებიან" - აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი ირანის გავარდნამ სიმღერისა და ცეკვის ხასიათზე დააყენა
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა მარკუეინ მალინმა განაცხადა, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ირანის ნაკრების გამოვარდნითა და ჯგუფში ჩარჩენით ძალიან გახარებულია. როგორც მან აღნიშნა, ამ ყოველივემ სიმღერისა და ცეკვის ხასიათზეც დააყენა.
“უბრალოდ მიხარი და ბედნიერი ვარ, რომ მათთან ყველაფერი დასრულდა და ისინი აღარ ბრუნდებიან. ძალიან გამიხარდა, როდესაც შევძელით მათი ვიზების გაუქმება და ვუთხარით, რომ შეეძლოთ აშშ-ის დატოვება. შესაძლოა, 1-2 სიმღერა მემღერა და კიდევ ცეკვა დამეწყო”, - თქვა მალინმა ტურნირის უსაფრთხოებაზე გამართული პრესკონფერენციისას.
ამერიკელმა ჩინოვნიკმა თავისი მკაცრი პოზიცია იმით გაამართლა, რომ, მატჩებში არ მონაწილე ირანული დელეგაციის თითქმის ნახევარს პირდაპირი კავშირი ჰქონდა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC).
ტურნირზე ყოფნისას ირანის ფეხბურთის ფედერაციამ არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება აშშ-ის ხელისუფლების მიერ გუნდის მიმართ ცუდი მოპყრობის გამო. მთავარმა მწვრთნელმა ამირ გალენოიმ თავისი გუნდი ამ ტურნირზე ყველაზე დაჩაგრულადაც კი უწოდა.
ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია მატჩის დასრულებისთანავე აშშ-ის ტერიტორიის დატოვებას უკავშირდებოდა, რაზეც მალინმა თქვა, რომ ეს ყოველივე წინასწარ იყო შეთანხმებული.
“ეს უბრალოდ თავიდანვე შეთანხმებული იყო. როდესაც შეხვედრა დასრულდებოდა, არა სასტუმროში, არამედ თავიანთ საწვრთნელ ბანაკში უნდა დაბრუნებულიყვნენ. ირანელები თავს იქ უფრო კომფორტულად გრძნობდნენ. ეს შეთანხმება FIFA-სთან მუნდიალის დაწყებამდე დავდეთ”.
ტურნირის დატოვებისას, ირანის გუნდმა მექსიკელი ხალხის მიმართ ემოციური წერილი გამოაქვეყნა:
“თქვენ გვაჩვენეთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სტადიონები და ბილეთები. ნამდვილი სტუმართმოყვარეობა პატივისცემას, ადამიანობასა და ღირსებას გულისხმობს. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ ტიხუანას მოსახლეობის სიკეთეს. ამიერიდან, მექსიკა ჩვენთვის ყოველთვის უფრო მეტი იქნება, ვიდრე უბრალოდ მასპინძელი ქვეყანა. ის ჩვენი მეორე სახლი და მეორე გუნდი იქნება”.
შეხსენებისთვის, ირანელები მუნდიალის ჯგუფში ახალ ზელანდიასთან, ბელგიასთან და ეგვიპტესთან ერთად იყვნენ. გუნდმა თამაში არ წააგო და სამივე მატჩი ფრედ დაასრულა, თუმცა ეს პლეი-ოფში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.
გაზიარება:
(1) /
(5)